გარემოს დაცვის სამინისტროს მომავალი წლის I კვარტალში გარკვეული ფუნქციები დაემატება

გარემოს დაცვის სამინისტროს მომავალი წლის I კვარტალში გარკვეული ფუნქციები დაემატება

გარემოს დაცვის სამინისტროს გარკვეული ფუნქციები მომავალი წლის I კვარტალში დაემატება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს გარკვეული ფუნქციები დაემატება.

„ამ კანონპროექტის დამტკიცება წლის ბოლომდე მოხდება, თუმცა ძალაში მომავალი წლიდან შევა, სავარაუდოდ, 1 თებერვალს, ან შეიძლება, ცოტა გადაიწიოს" - განაცხადა გოგალაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სამინისტრო ახალ ფუნქციებს შეიძენს და ტყეებიც მას დაექვემდებარება, ტყეების ინვერტანიზაცია განხორციელდება, რაც დიდი ხანია, არ გაკეთებულა.

ამასთან, როგორც გოგალაძემ აღნიშნა, წინამორბედისგან მას კარგი მემკვიდრეობა არ მიუღია.

„2011 წელს განხორციელებული ცვლილებებით, სამინისტროს ფუნქციები დაკნინდა. მოხდა კადრების შემცირება. კარგი მემკვიდრეობა არ მიმიღია. პრობლემები ბევრია, თუმცა ამ საკითხებზე ვმუშაობთ" - განაცხადა გოგალაძემ და დასძინა, რომ სამინისტროში აუდიტი აუცილებლად ჩატარდება.

რაც შეეხება იმას, მოხდა თუ არა სამინისტროდან ძველი კადრების გაშვება, მინისტრის თქმით, გარდა მოადგილეებისა, ჯერჯერობით საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა.

„მე ყოველთვის ვამბობ, რომ პროფესიონალები, რომლებიც თავის სამუშაოს კარგად ასრულებენ, სამსახურს აუცილებლად შეინარჩუნებენ, ხოლო იმის გარკვევას, ვინ როგორ მუშაობს, დრო სჭირდება, ამიტომ ჯერჯერობით ძველი კადრების გაშვება არ მომხდარა, გარდა მინისტრის მოადგილეებისა" - განაცხადა გოგალაძემ.