ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება  ფრონეს ხეობაში ინციდენტთან დაკავშირებით

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება ფრონეს ხეობაში ინციდენტთან დაკავშირებით

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  ფრონეს ხეობაში ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ფრონეს ხეობაში,  კერძოდ სოფელ აბანოს, კოდასა და წნერისში მომხდარ სროლებთან დაკავშირებით მონიტორინგი ჩაატარა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ინფორმაციის მიღების შემდეგ,  მისია ორივე მხარეს დაეკონტაქტა, გამოიყენა რა ინციდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ცხელი ხაზი. ასევე, შეაგროვა ინფორმაცია ადმინისტრაციულ საზღვარზე მყოფი მესაზღვრეებისგან.

ევროკავშირის მონიტორები მოგვიანებით შეხვდნენ მძღოლს, რომლის მანქანასაც ესროლეს ინციდენტის დროს,  გარდა ამისა, შეხვდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და მომხდარი განიხილეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს, კონსტრუქციული მიდგომის შენარჩუნებისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა ვითარების შემდგომ დაძაბვა თავიდან აიცილონ.

„მისია აფასებს იმას, რომ ჩართულმა მხარეებმა სიტუაციის განსამუხტად და გარემოებების გასარკვევად ცხელი ხაზი გამოიყენეს. ინციდენტის განხილვა ეგრნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე მოხდება, რომელიც ამ თვეში გაიმართება“,-ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ფრონეს ხეობაში სროლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

ინციდენტს გუშინვე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრონეს ხეობაში სიმშვიდეა და დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

ქარელის გამგებელი ილია ბურჯანაძე კი აცხადებდა, რომ ინციდენტი ფრონეს ხეობის სოფლებში - კოდასა და აბანოში მოხდა.

მისი თქმით, სოფლის გზაზე მიმავალ მოქალაქეს ოსური მხრიდან სროლა აუტეხეს. ბურჯანაძის განცხადებით, სროლას ქართველმა სამართალდამცავებმა სროლით უპასუხეს, თუმცა დაღუპულები და დაჭრილები არ არიან.