უგულავა: შექმნილი კლიმატი, სადაც წახალისებულია ყველას ჩივილი ყველას წინააღმდეგ, ეკონომიკის განვითარების ყველაზე დიდი მტერია

უგულავა: შექმნილი კლიმატი, სადაც წახალისებულია ყველას ჩივილი ყველას წინააღმდეგ, ეკონომიკის განვითარების ყველაზე დიდი მტერია

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, შექმნილი კლიმატი, სადაც წახალისებულია ყველას ჩივილი ყველას წინააღმდეგ, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ყველაზე დიდი მტერია. ამის შესახებ მან სასტუმრო „რედისონში" მიმდინარე ბიზნესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო დონეზე უკვე შეფასება ხდება იმისა, რომ საქართველოში სელექციური მართლმსაჯულების გამოყენება ხდება.

„2010 წლის კრიზისის შემდეგ საქართველოში უძრავი ქონების ბაზარმა ამობრუნება დაიწყო. 2012 წლისთვის ის უკვე დასტაბილურდა და დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ. ჩემი აზრით, ჩვენს მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ის, რომ პოლიტიკურმა პროცესებზე ზეგავლენა არ მოახდინოს ეკონომიკაზე. ამ კუთხით რამდენიმე პრობლემა იკვეთება. ვფიქრობ, იმაზე უფრო დიდ პრობლემას, ვიდრე ყოფილი მაღალჩინოსნების თუ პოლიტიკური ოპონენტების დევნაა, ის საერთო კლიმატი წარმოადგენს, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ვგულისხმობ კლიმატს, სადაც წახალისებულია ყველას ჩივილი ყველას წინააღმდეგ. ესაა ყველაზე დიდი მტერი ეკონომიკის და ბიზნესის განვითარების" - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, თვითონ, როგორც დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელი, მზადაა, ყოველდღიურად, ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის, რაც ქალაქის განვითარებას და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექნას შეუწყობს ხელს.