კახა კუკავა: პალესტინის სტატუსის ცნობა, მცდარი  საგარეო პოლიტიკური ნაბიჯია

კახა კუკავა: პალესტინის სტატუსის ცნობა, მცდარი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯია

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის,  კახა კუკავას განცხადებით, პალესტინისთვის გაერო-ში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებისას საქართველოს მხარდაჭერა, მცდარი  საგარეო პოლიტიკური ნაბიჯია.

კუკავას თქმით, საქართველოს მიერ, პალესტინის სახელმწიფოებრივად ცნობა,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფოებრივი ცნობისაკენ ნაბიჯია.

„არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს პალესტინელი ხალხის მიმართ, თუმცა საგარეო უწყებიდან ვითხოვთ განმარტებას, რა მოტივებით ხელმძღვანელობდა საქართველოს ხელისუფლება, როდესაც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და რატომ წავედით ჩვენ ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ“, - განაცხადა კუკავამ.

კუკავა აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ეს პროცესი ხვალ საქართველოს არ შემოუბრუნდება.

„მხარი დაუჭირა რა პალესტინის ცნობას საქართველოს ხელისუფლებამ, თუ ხელისუფალყოფილმა, რამდენადაც ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ინტერსების გამტარებელია და არა საქართველოს სახელმწიფოსი, ირიბად მისცა ნიშანი, რომ არ არის წინააღმდეგი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცნობისა, რომ გაერო-ში აწევრიანებს ქვეყანას, რომელმაც ცნო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომია. შეიქმნა საფუძველი გენერალურ ასამბლეაზე აღარ გავიდეს რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, - განაცხადა კუკავამ.

პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ასევე მოითხოვენ სასწრაფოდ იქნეს მოწვეული პარლამენტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში იქნება შეტანილი „სეპარატიზმთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის გამოწვევებისა და მიმართულებების საკითხი“ და ასევე, მიღებული იქნეს გადაწყვეტილებები მომავალი საგარეო საფრთხეების პრევენციის მიზნით.