საქართველოს კონსტიტუციით მკურნალობის და სიცოცხლის უფლება აღიარებული და ხელშეუხებელია, მაგრამ სამწუხაროდ ეს მხოლოდ ქაღალდზე. რეალობა იმდენად მკაცრი და შემზარავია, რომ მას არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოებრივ მიდგომასთან და ხალხზე ზრუნვასთან. ჩვენი პუბლიკაციის თემა ამჯერად წამლებია. წამალი კი პირდაპირ კავშირშია სიცოცხლესთან. სიცოცხლე კი ჩვენს ქვეყანაში ერთადერთია, რამაც ფასი საერთოდ დაკარგა. სამედიცინო სფერო იქცა ბიზნესად, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვასთან... ხელისუფლების მხრიდან საკუთარ მოსახლეობისადმი კეთილგანწყობა „ვის უნდა 20 ათასში“ ხელისუფლების წარმომადგენლების სტუმრობით შემოიფარგლება.
ჯანდაცვის სისიტემის საბოლოოდ დასამარებას ხელი შეუწყო ფარმაცევტული კომპანიებისათვის კარტ-ბლანშის მიცემამ. ხელისუფლებამ დაუშვა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ჰოსპიტალური სექტორი და სადაზღვევო კომპანიები შეექმნათ.
პირადად სადაზღვეო კომპანია „ალფას“ დაზღვეული გახლავართ. სამედიცინო დაზღვევის ბარათი ისე, რომ არ მითხოვია თბილისის მერიამ მომართვა საჩუქრად (ერთერთი ამხანაგობის თავმჯდომერე ვარ და „წარმატებით” ჩატარებული არჩევნებისთვის ამხანაგობებეს თავმჯდომარეები დაასაჩუქრეს.) ერთი სიტყვით, ამ ბარათში შავით თეთრზე გაწერილია ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები და მათ შორის ისიც, რომ თურმე, მედიკამენტები 14-დან 20 პროცენატამდე ფასდაკლებით ულიმიტოდ მეკუთვნის.
როგოც ჩანს, ფარმაცევტული კომპანიები დღედაღამ იმაზე ფიქრობენ როგორ გააცურონ დაზღვეულები და როგორ არ შეასრულონ პირობები. მართალია ეს დაზღვევა საჩუქარია, მაგრამ მასში სრულიად რეალური თანხა ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბეებიდან არის გადახდილი და კონკრეტულ შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ერთი სიტყვით, „ავერსის“ აფთიაქში ერთ მშვენიერ დღეს წამალი შევიძინე და გადავწყვიტე მერიის ნაჩუქარი ალფას დაზღვევით მესარგებლა. დავაძვრე ჩემი ბარათი და აფთიაქარს მივაწოდე. ფარმაცევტმა ჩემს ბარათს ახედ-დახედა და მიპასუხა: „იცით წამალი დაზღვევით უფრო ძვირი დაგიჯდებათ ვიდრე ჩვეულებრივ ყიდვისასო?!“
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა - „ეგ როგორ? დაზღვევით წამლის ყიდვა უფრო ძვირი როგორ დამიჯდება ვიდრე დაზღვევის გარეშე, აქ ხომ წერია რომ წამლები 14-20 პროცენტი ფასდაკლებით მეკუთვნის“-თქო?
„კი წერია, მაგრამ წამლებზე ისედაც 20 პროცენტიანი ფასდაკლების აქცია გვაქვს და თქვენთვის მხოლოდ 14 პროცენტიანი ფასდაკლების უფლება გვაქვსო(?!)“ - მიპასუხა.
ეს უვადო ვითომ აქცია, რამდენადაც გავარკვიე „ავერსმა“ სადაზღვეო კომპანია „ალფას“ შექმნის შემდეგ შემოიღო. ერთი სიტყვით, ჩვენ რომ გვგონია დაზღვევა გვაქვს და ფასდაკლებაც გვეკუთვნის, სულ ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრა ყოფილა.
როგორც ეს ფაქტი ადასტურებს, „ავერსის“ მესვეურებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ძალიან მარტივი სქემა მოიფიქრეს და ყველა დაზღვეული, ასე ვთქვათ, ჩახსნენს მედიკამენტებზე ფასდაკლებისაგან. სქემა ასეთია: ვთქვათ კონკრეტული წამალი ღირს 10 ლარი, „ავერსში“ ადგნენ და ეს წამალი ოფიციალურად 20 პროცენტით გააძვირეს, ანუ 12 ლარი გახადეს, მერე 20 პროცენტი ისევ დააკლეს და ფასდაკლების აქცია დაარქვეს, ისე რომ რეალურად, არავითარი ფასდაკლება და შეღავათი არ ყოფილა.
სამაგიეროდ, აქციის მოქმედების საბაბით „ალფას“ დაზღვეულებს გაუუქმდათ ის პუნქტი, რომელიც დაზღვეულთათვის წამლებზე ფასდაკლებას ითვალისწინებდა! ამ აფერის აღმოსაფხვრელად წესით, ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყანაში რაღაც ბერკეტი უნდა არსებობდეს. ჰოდა, მეც დავიწყე ბერკეტების ძებნა, მაგრამ ნურას უკაცრავად, ვერსად მივაგენი... ერთადერთი გამოსავალი სასამართლოში ჩივილი ყოფილა. როგორც ჩანს, ესეც გათვალეს ფარმაციისა და დაზღვევის მამებმა. ბუნებრივია, 2 ან, თუნდაც, 10 ლარისთვის სასამართლოში არავინ იჩივლებს - უფრო მეტი გზის ფული დაეხარჯება. ესეც არ იყოს არც ის იცი კაცმა სიმართლეს იქ მაინც იპოვი თუ არა?
სიტუაციში გასარკვევად „ავერსის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელს ქალბატონ ლალი ბრეგვაძესაც დავუკავშირდი. ლალი ბრეგვაძე საკითხის გარკვევის შემედეგ დაკავშირებას შემპირდა, თუმცა აღარ შემხმიანებია. რადგან ბრეგვაძისაგან პასუხი ვერ მივიღ, მედიაციის სამსახურს მივმართე, იქნებ მედიაციამ მაინც გამცეს პასუხი-მეთქი. მედიაციის ექსპერტებმა მხოლოდ ის მითხრეს, რომ მათი ძალები ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდებოდა!
სხვათაშორის, უკეთეს დღეში არც კორპორატიულად დაზღვეული ადამიანები არიან. ერთი ჩემი მეგობრის კორპორატიულ დაზღვევის პირობებში და მათ შორის ხელშეკრულებაშიც მითიებულია, რომ მედიკამენტები ულიმიტოდ 50-პროცენტიანი ფასდაკლებით ეკუთვნის, მაგრამ აფთიაქში ამაზეც უარი გვითხრეს! ცხელ ხაზზე დარეკვის შემედგ კი გაგვიმარტეს, რომ ასეთი ფასდაკლება თურმე გამონაკლის წამლებზე (ისეთი როგორიც კორვალოლი, ვალიდოლი და ციტრამონი) ვრცელდება... ერთი სიტყვით, ამას მაკვარანცხული თაღლითობა ჰქვია, ისეთი, იურიდიულად მასთან გამკლავება რომ გაგიჭირდება...
მარინა ბერაძე: (არასამთავრობო ორგანიზაცია გვახსოვდეს ჰიპოკრატეს თავმჯდომარე) ის რაც საქართველოში დღეს წამლის ბიზნესში ხდება მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსათვის. ეს სფერო ყოველგვარი კონტროლის მიღმაა დარჩენილი. 2004 წლის სექტემბერში შექმნილი წამლის სააგენტო, 2008 წელს გააუქმეს. ძლიერი წამლის სააგენტოსა და მყარი, პროფესიული საკანონმდებლო ბაზის არსებობა არ აწყობდათ მონოპოლისტებს („ავერსი“, „პსპ“ და „ჯი-პი-სი“), ვინაიდან გაჩნდა საფრთხე მათი საქმიანობის სრულყოფილად შესწავლისა. მედიკამენტებზე არსებული კატასტროფული ფასებისდამაგვარი თაღლითობების უმთავრესი მიზეზებია ის, რომ ფარმაცევტული საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანო აღარ არის უფლებამოსილი დაადგინოს მედიკამენტების თვითღირებულება, სახელმწიფო არ ერევა ფარმაცევტულ ბაზარზე სამკურნალო საშუალებების ფასთა წარმოქმნისა და რეგულირების პოლიტიკაში.
მონოპოლისტებმა შთანთქეს ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებულები სხვა წვრილი მეწარმეები. გააკოტრეს „წვრილი“ აფთიაქები, ხელში ჩაიგდეს ჰოსპიტალური სექტორი და სადაზღვევო კომპანიები და ახლა რასაც უნდათ იმას აკეთებენ! ამის უფლება მათ ხელისუფლებამ მისცა!
დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში საცალო ქსელის გახსნის უფლებაც არა აქვთ საბითუმო ქსელის მეპატრონეებს. საქართველოში „ავერსი“-სა და „პსპ“-ს მფლობელობაშია არა მხოლოდ საბითუმო და საცალო ქსელები, არაამედ ფარმაცევტული წარმოებები, სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებები და სადაზღვევო კომპანიები. ასეთი უმსგავსობისათვის წინა პირობა მათ ჯერ კიდევ მაშინ შეუქმნეს, როცა კანონმდებლობიდან ძალიან ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვაბნი საკითხი ამოიღეს. არადა ეს საკითხები გათვალისწინებული იყო 1997 წლის წამლის კანონში. ეჭვი მაქვს, რომ აღნიშნული კომპანიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კანონმდებლობის შექმნაში. დღევანდელი კანონმდებლობა სავსეა ისეთი ლაფსუსებით, რომლებიც ყველაზე მეტად მომგებიანია მონოპოლისტი კომპანიებისთვის, რათა სააშკარაოზე არ გამოვიდეს მათი უკანონო საქმიანობის ფაქტები. აბა სხვა რითი შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ 1997 წელს მიღებული კანონმდებლობა ბევრად უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე დღევანდელი? კლინიკური ფარმაციის დაკნინებისა და ფაქტიურად უკვე მისი არ არსებობაც ამ კომპანიების კისერზეა, ვინაიდან ფარმაცია, ეს უდიდესი მეცნიერება, ფინანსური ინტერესების გამო დაიყვანეს იყიდე-გაყიდეს დონეზე.
„ავერსის“ აფთიაქში ექიმის რეცეპტით პაციენტის შესვლისას ხდება შეთავაზება იმ გენერიკული პრეპარატებისა, რომელთა „გაყიდვაც“ (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) უფრო რენტაბელურია მათთვის. ჩანაცვლება ხდება საკუთარი წარმოების პრეპარატებით, ხოლო მსაგვს ფაქტების აღმკვეთი და ამისთვის პასუხის მომთხოვნი სტრუქტურა აღარ არსებობს, განადგურებულია!
თინა ტურძელაძე (წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი) ასეთი სიურპრიზები და ფსევდო-აქციები მოსალოდნელი იყო. როცა სახელმწიფო თანახმაა ფარმაცევტულ კომპანიებს ჩაუგდოს ხელში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორი, იქ ყველაფერს უნდა ველოდოთ. ფარმაცევტული კომპანიების მიერ ჰოსპიტალური, სადაზღვეო სექტორის ერთი და იგივე ხელში მოხვედრა დიდი საფრთხის შემცველი რომ იყო ამაზე თავიდანვე ვსაუბრობდი. რამდენადაც ფარმაცევტული ბიზნესის ჰოსპიტალურ საქმიანობაში ინტეგრირება უპირობოდ იწვევს მათი პროდუქციის მიკერძოებულ, არაობიექტურ და არაეთიკურ პროპაგანდას და გასაღებას. უბრალოდ ეს შეიფუთა „სამედიცინო ელიტის პროფესიული მოღვაწეობით“ და ძნელად იდენტიფიცირებადი გახდა პაციენტისთვის. ეს არის ის, რასაც ებრძვის მთელი მსოფლიო, ჩვენთან კი ამას სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს.