ჯონ ლენონს გუშინ 71 წელი შეუსრულდებოდა

ჯონ ლენონს გუშინ 71 წელი შეუსრულდებოდა

გუშინ 9 ოქტომბერს, ცნობილ მუსიკოსს, ჯგუფი “The Beatles”-ის წევრ ჯონ ლენონს დაბადებიდან 71 წელი შეუსრულდებოდა.

 

1980 წლის რვა დეკემბერს, ჯონ ლენონი ნიუ-იორკში თავისი სახლის – “დაკოტას” მახლობლად მისმა შეშლილმა ფანმა მარკ ჩეპმენმა ზურგში ხუთი ტყვიის დახლით მოკლა. ყოველივე ეს იოკო ონოს თვალწინ მოხდა, რომელიც ხმის ჩამწერი სტუდიიდან ბრუნდებოდა და ქმარს გვერდით ედგა.

 

ჯონ ლენონის ბიოგრაფიის შესახებ ძალიან ბევრი დაწერილა და კიდევ დაიწერება. მისი ცხოვრების ყველა მკვლევარი ერთ აზრს იზიარებს, იოკო ონომ “The Beatles”-ის დაშლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

 

ცოტა ხნის წინ ამ იპონელმა ქალბატონმა გამოცემა “Rolling Stone”-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და  ჯგუფის დაშლაში მისი მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ხმები სასტიკად იუარა.

 

იოკო ონოს აზრით, ჯგუფში მომხდარი განხეთქილება მის სახელს კი არ უკავშირდება, არამედ მენეჯერი ბრაიან ეპსტაინის გარდაცვალების შემდეგ “The Beatles”-ის წევრების წინაშე წარმოქმნილ მრავალ ფინანსურ პრობლემებს.

 

იმავე პერიოდში ჯონ ლენონს შემოქმედებითი კრიზისის ხანა დაეწყო. მას შეეძლო საათობით მჯდარიყო თავისი სახლის სასტუმრო ოთახში და სიტყვა არ დაეძრა.

 

იოკოსთან შეხვედრა ლენონისათვის ბედის საჩუქარი აღმოჩნდა, რადგან იაპონელმა ქალბატონმა მის სიცოცხლეს ახალი სული შთაბერა. მაგრამ ყოველ მედალს მეორე მხარეც გააჩნია. ჯორჯ ჰარისონის მტკიცებით, იოკოს დიდი დამსახურება გამოდგა, რომ ჯონი ჯგუფს დიდ დროს აღარ უთმობდა და უფრო მეტი ყურადღება “პლასტიკ ონო ბენდში” ონოს მუსიკალურ ექსერზისებზე გადაიტანა.

 

ჯონ ლენონმა საყვარელი ქალის სტუდიაში მიყვანაც კი დაიწყო, რითაც ჯორჯის, პოლისა და რინგოს დიდი განრისხება გამოიწვია. ჯონის მეგობრებს ყველაზე მეტად ის აცოფებდათ, რომ იოკო უბრალოდ კი არ იჯდა და უსმენდა, მუშაობის პროცესშიც აქტიურად ერეოდა.

 

“არჩევანის წინაშე ვიდექით, “ბითლზი” თუ იოკო. მე იოკო ავირჩიე და ეჭვიც არ მეპარება, რომ სწორად მოვიქეცი” – აღნიშნა ჯგუფის დაშლის შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ჯონ ლენონმა.

 

სამწუხაროდ ჯონი დღეს ცოცხალი არ არის, სამაგიეროდ მისი მრავალი სიმღერა მრავალმილიონიანი თაყვანისმცემლების გულებში არსებობას განაგრძობს.

 

დრო ყველაფრის მკურნალია. წარსულის უთანხმოებებს გავლილი წლები თანდათან შლის. “Rolling Stone”-ს ჟურნალისტთან საუბარში იოკო ონო პოლ მაკარტნისა და რინგო სტარს დიდი სიყვარულით მოიხსენიებს.

 

“შესანიშნავი ბიჭები არიან. რინგო ჭკვიანი და იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი გახლავთ. პოლი ძალიან ნიჭიერია. მართალია, წარსულში გარკვეული უთანხმოებები გვქონდა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის გამორჩეული პატივისცემით ვეპყრობოდით ერთმანეთს” – განაცხადა იოკო ონომ.

 

ეს დღეს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ეს ურთიერთობები თავის დროზე უმტკივნეულოდ მოეგვარებინათ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში “The Beatles” კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ დაიშლებოდა და ჯონ ლენონიც მანიაკი მკვლელის ტყვიას არ შეეწირებოდა.

 

ჯონ ლენონის უკანასკნელი კომპოზიცია “Walking On Thin Ice” 1980 წლის 8 დეკემბერს ჩაიწერა, მისი გარდაცვალების დღეს.