კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძური შველას ითხოვს!!!

კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძური შველას ითხოვს!!!

“ობიექტივი“ სამი დღე იმყოფებოდა მესტიაში. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი თვალით ვნახეთ და ფოტოაპარატით გადავიღეთ როგორ არის მტვერში გახვეული კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძური, რომლის სიახლოვეს (15–20 მეტრში) მძიმე ტექნიკა მუშაობს – უკანა მხრიდან გზა გაჰყავთ და ორმოებში ყრიან “კამაზებით“ მიტანილ უზარმაზ ლოდებს, ხოლო წინა მხრიდან სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმს ანგრევენ.

ასევე, ვნახეთ და გადავიღეთ 13 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ გახსნილი იუსტიციის სახლი, პოლიციის და გამგეობის შენობები და ზუგდიდი–მესტიის გზის მონაკვეთი. გამგეობისა და პოლიციის შენობებში ხარაჩოებია და დღემდე სამუშაოები მიმდინარეობს. იუსტიციის სახლზე მუშაობა 4 ოქტომბერს, გვიან საღამოს დასრულდა. ახლადგახსნილ გზაზე კი, ლამის ყოველ მოსახვევში, ასფალტი აყრილია და კლდიდან უზარმაზარი ლოდებია ჩამოყრილი.

რომ არა სხვადასხვა რაიონებიდან, ქალაქებიდან ჩამოყვანილი ადამიანების დახმარება, რომლებიც მესტიის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე მშენებლობაზე არიან დასაქმებულები, ვერ ვიპოვიდით და გადავიღებდით დაფას, რომელზეც ჩანს უცნაური სამსართულიანი შენობა და რომელიც, პოეტ ერეკლე საღლიანის თქმით, ქვეწარმავალივითაა დაგრაგნილი. სწორედ ეს შენობა დაიკავებს ისტორიული მოედნის, იგივე სეტის ადგილს. ჯერ მხოლოდ საძირკველია ჩაყრილი. გვითხრეს, რომ მშენებლობის დასრულება ახალ წლამდე უნდა მოასწრონ.

მესტიაში ყოფნისას შევხვდით და ვესაუბრეთ: სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის კურატორს; იმ კომპანიის ბრიგადირს, რომელიც მუზეუმის შენობის დემონტაჟს ახორციელებს და ადამიანს, რომელიც ხელმძღვანელობს მესტია–უშგულის შემოვლითი გზის მშენებლობას.

ჩვენ ასევე შევხვდით და ვესაუბრეთ არაერთ მესტიელს და მათ შორის იმ ოჯახების წევრებს, რომელთა ეზოებზეც ახალი გზა გაივლის. მესტიელები აპროტესტებენ მესტიის ისტორიული მოედნის, ეგრეთ წოდებული სეტის განადგურებას და მის ნაცვლად გაურკვეველი დატვირთვის მქონე მშენებლობას. მესტიელები აღშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მათი უფლებები ილახება – მშენებლობებზე ადგილობრივებს არ ასაქმებენ; ადგილობრივი პოლიციელები კი სამეგრელოდან ამოყვანილი სამართალდამცავებით ჩაანაცვლეს.

მესტიაში ყოფნისას “ობიექტივის“ მასპინძელი და მეგზური იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლალხორის“ თავმჯდომარე, მირონ ფირცხელანი. შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს მირონ ფირცხელანმა “ლალხორის“ სახელით სპეციალური განცხადება გაავრცელა და “ობიექტივის“ სტუდიაში პრესკონფერენცია მოაწყო – “ლალხორი“, რომელიც ზემო, ქვემო და აფხაზეთ-სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლების მიერ არის დაარსებული, მოითხოვს კონტეინერებში ჩამწყვდეული სიწმიდეების წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაბრძანებას.

სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის ეგრეთ წოდებული მასშტაბური რეკონსტრუქცია 5 ოქტომბრიდან განახლდა. კომპანია “ზიმოს“, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, მხოლოდ ნგრევის პროექტი აქვს; მათთვის არავის მიუცია ის პროექტი, რომლის მიხედვითაც შენებას დაიწყებენ. გამომდინარე აქედან, კომპანია “ზიმოს“ წარმომადგენლებისთვის უცნობია მუზეუმის კედლები ბოლომდე უნდა დაანგრიონ, თუ დატოვონ. მათ იციან მხოლოდ ის, რომ მუზეუმის შენობა 23 ნოემბერს უნდა ჩააბარონ. მუზეუმის მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები “ზიმომ“  გაზაფხულიდან ისე დაიწყო, რომ მათთან ხელშეკრულება დღემდე არ გაუფორმებიათ.

სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმს მაისში სახურავი ნაწილობრივ გადახადეს. ამ დროს ექსპონატები და სიწმიდეები შენობაში იყო. კომპანია “ზიმოს“ ბრიგადირის, შმაგი მესხიშვილის თქმით, სვანეთის მუზეუმს სახურავი გადახადეს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლის, ნინო კიტოვანის მითითებით:

“ქალბატონმა ნინომ მითხრა გადახადეთ, იქ არაფერი გვაქვსო და ერთი ნაწილი გადავხადეთ. მუზეუმის აქაურ ხელმძღვანელს არაფერს ეკითხებოდნენ. ცხრა კომისია იყო ჩამოსული. ადგილობრივ თანამშრომლებსა და კომისიის წევრებს შორის ჩხუბი და ომი იყო. ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავით“.

შმაგი მესხიშვილი ამბობს, რომ მუზეუმის შენობის გადახურვა და გარე ფასადის მოპირკეთება 23 ნოემბრისთვის უნდა დაასრულონ. ცნობისთვის, კომპანია “ზიმომ“ მესტიის იუსტიციის სახლის მშენებლობა 4 ოქტომბერს დაასრულა; ხუთში დილით, მძიმე ტექნიკა მუზეუმის ეზოში გადაიტანეს და სამუშაოები განაახლეს. “1 000 კაცი გვყავდა და გვყავს კიდეც. სადაც როდის არის საჭირო, იმ დროს ვმუშაობთ“, – გვითხრა “ზიმოს“ წარმომადგენელმა, რომელიც ფიქრობს, რომ გარე ფასადის მოპირკეთება და შენობის გადახურვა 23 ნოემბრამდე უპრობლემოდ მოესწრება.

მიმდინარე წლის აპრილში, სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ზაზა გოროზიას მითითებით აპირებდნენ სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული სიწმიდეების პოლიციის შენობაში გადატანას, მაგრამ მუზეუმის რიგითი თანამშრომლების მიერ ატეხილი ხმაურის შემდეგ, ამის გაკეთება ვერ გაბედეს. სამწუხაროდ, ვერ ვასახელებთ იმ სარწმუნო წყაროს ვინაობას და თანამდებობას, ვინც “ობიექტივს“ ეს ინფორმაცია მესტიაში ყოფნისას მოაწოდა.

როგორც სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის კურატორმა, რუსუდან ქოჩქიანმა გვითხრა, იქ დაცული საგანძური კონტეინერებში 28 ივნისს გადაიტანეს. ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ექსპონატების ერთი ნაწილიც კონტეინერებშია, მეორე ნაწილი კი მუზეუმის ეზოში არსებულ გარაჟში და იქვე მცხოვრები ერთ–ერთი ოჯახის საწყობშია დაბინავებული.

რუსუდან ქოჩქიანი ირწმუნება, რომ საგანძური იტალიიდან ჩამოტანილ სპეციალურ კონტეინერებშია მოთავსებული. თუ ახლოს მიხვალთ, ნახავთ, რომ ესაა ე.წ. სენდვიჩისგან შეკრული კონტეინერები, ჩინური წარწერებით (ალუმინის თხელ ფირფიტებს შორის მოთავსებული 5 სანტიმეტრი სიგანის “ზღვის ქაფია“ მოთავსებული).

მასში შესვლის და იქაურობის დათვალიერების უფლება მოგვცეს. კონტეინერებში მოთავსებული ჩვენი სიწმიდეები სამპირ ქაღალდშია შეფუთული და დასკოჩილი. მუზეუმის კურატორი ამბობს, რომ გერმანიიდან გამოწერილი ეს ქაღალდები სიწმიდეებს დაიცავს ნესტისგან, ყინვისგან, სიცხისგან და თქვენ წარმოიდგინეთ - ვიბრაციისგან.

კონტეინერების იმ ნაწილში, სადაც ოთხთავები, ხატები და ჯვრებია დაცული, სპეციალური აპარატია დამონტაჟებული, რომელსაც ტემპერატურის მარეგულირებელი ფუნქცია აკისრია. მუზეუმის კურატორის განმარტებით, ეს აპარატურა კონტეინერებში ჩამწყვდეულ ჩვენს საგანძურს, გერმანიიდან გამოწერილ ქაღალდებთან ერთად დაიცავს ყველანაირი სიცხისგან და ყინვისგან. მათ არ უნახავთ და, ბუნებრივია, ვერც ჩვენ გვაჩვენეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ სპეციალური აპარატის ინსტრუქცია.

მუზეუმის ეზოში მოთავსებული კონტეინერები რამდენიმე ადგილასაა დახვრეტილი, რომ ჰაერმა იმოძრაოს. ნახვრეტებს ნეილონის ფარდის ნაჭრები აქვს მიკრული, რომ შიგნით მწერები არ შეფრინდნენ.

რუსუდან ქოჩქიანის თქმით, მუზეუმის ეზოს გარკვეულ მონაკვეთზე გზის სამშენებლო სამუშაოები ყოველგვარი ახსნა–განმარტებების გარეშე დაიწყეს. 3 ოქტომბერს დილით,  იქ დასაქმებულ ადამიანებს ვკითხეთ, რა ბედი ეწეოდა კონტეინერებს, რომელთა სიახლოვესაც სამუშაოები მიმდინარეობდა. მათ მოგვიგეს – “ამ კონტეინერებში ისინი  ცხოვრობენ, რომლებიც მუზეუმის დემონტაჟზე მუშაობენ. ალბათ, ამ კონტეინერებს აიღებენ და სხვა ადგილას გადადგამენ“.

4 ოქტომბერს შევხვდით და ვესაუბრეთ შ.პ.ს. “ნიუ ენერჯის“  სამუშაოთა მწარმოებელს, დავით ეტიაშვილს. მან გვითხრა, რომ გზის სამშენებლო სამუშაოები 14 სექტემბერს დაიწყო. მასაც არ ჰქონდა  წარმოდგენა, რა იყო მოთავსებული კონტეინერებში. მისი თქმით, ახალი გზა 25 ოქტომბერს უნდა ჩააბარონ.

“ეს არის შემოვლითი გზა. პროექტის სახელია “მესტია –  შემოვლითი გზა“. ჩვენი ფირმა არის ქვეკონტრაქტორი, ხოლო კონტრაქტორია კომპანია “ზიმო“. ამ გზის სიგანე 7 მეტრი იქნება, სიგრძე - 635, რომელშიც შედის 70–მეტრიანი ხიდი. ეს შემოვლითი გზა მესტიის ცენტრში უშგულისკენ და თეთნულდისკენ მიმავალი ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას შეამცირებს“, – გვითხრა დავით ეტიაშვილმა.

ამ ახალი გზის მშენებლობის გამო 7 მოსახლეს ეზოები ჩამოაჭრეს. თითოეულ მათგანს კვადრატულ მეტრ მიწაში 15 ლარი გადაუხადეს. ამბობენ, რომ ეს მათი სურვილის წინააღმდეგ მოხდა, რომ მილიონადაც არ დათმობდნენ ეზოებს, მაგრამ დათმეს, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ. შედარებით ნაკლები, კვადრატულში 10 ლარი მისცეს იმათ, ვის ნაკვეთებშიც გადის ახალი გზა.

მესტიელები ძალიან განიცდიან ისტორიული მოედნის, იგივე სეტის განადგურებას, რომელსაც ახლა ირონიანარევი ხუმრობით “მესტიის პიაცას“ ეძახიან:

“ცენტრი, სადაც მთელი სვანეთი იკრიბებოდა, გაანადგურეს და ჩვენთვის გაურკვეველია, რის აშენებას აპირებენ. უკაცრავად და, საქონელი და ადამიანი, ყველა ერთნაირად ვართ შეწუხებული. გზაზე გავლა ჭირს, ყველაფერი გადათხრილია, ყველგან “კანაოებია“. საქონელი შემოვლითი გზით უნდა ატარო, ან სახლში დაამწყვდიო. აქ ძალიან ჭირს ცხოვრება. ყველანაირ “სიკეთესთან“ ერთად ახლა მრიცხველებს გვიყენებენ და ელექტროენერგიის გადასახადის დაწესება უნდათ. ადგილობრივების უდიდესი უმრავლესობა დაუსაქმებლები ვართ. გაფცქვნილია მთელი სვანეთი. ელექტროენერგიის გადასახადს ვერ გადავიხდით და ალბათ, ტყის მასიური ჭრა დაიწყება“.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის წყალსაცავისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების გამო, საერთაშორისო ორგანიზაცია “კიოტოს“ ნორმების თანახმად (ეს ორგანიზაცია იცავს წყალსაცავის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებებს), რომლის წევრიც არის საქართველო, ზემო სვანეთი წლების განმავლობაში გათავისუფლებული იყო ელექტროენერგიის გადასახადისგან. 

5 ოქტომბერს მესტიის ცენტრალური გზა ერთი საათით ჰქონდა გადაკეტილი დაახლოებით 150–მდე მესტიელს. ისინი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე  პოლიციელებმა გადაიყვანეს, რომლებსაც მეგრული აქცენტი ჰქონდათ. ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, ვინაობა და თანამდებობები არ დაასახელეს.

აქციის მსვლელობა დიქტოფონით ჩავიწერეთ და ფოტოაპარატით გადავიღეთ. აქციის მიმდინარეობას და განსაკუთრებით აქტიურ მესტიელებს პატარა კამერით სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაციც იღებდა. ადგილობრივების განმარტებით, ეს იყო მესტიის პროკურორი, რომელიც სამეგრელოში ცხოვრობს.

მესტიელებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ: გამრიცხველიანების პროცესის შეჩერება, საგანძურის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადატანა და ადგილობრივების უფლებების დაცვა. გზის გადაკეტვამდე ისინი სპორტული კომპლექსის დარბაზში იყვნენ შეკრებილები და იქ ელოდნენ “ენერგოპრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს, მაგრამ ისინი ხალხთან არ მივიდნენ, რასაც მოჰყვა გზის გადაკეტვა.

თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, მესტიელებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. უახლოეს დღეებში კი თბილისში დაგეგმილია კონფერენციის ჩატარება, რომელზეც მოიწვევენ საპატრიარქოს, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებს, რესტავრატორებს, ხელოვნებათმცოდნეებს და იმსჯელებენ კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძურის უსაფრთხო ადგილას გადატანის შესახებ.