უზენაესი სასამართლო  თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა

უზენაესი სასამართლო თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა

უზენაესი სასამართლო  იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მინისტრი სასამართლო ხელისუფლებას კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობისკენ მოუწოდებს.

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით,  მინისტრის ამ განცხადებას საფუძვლად დაედო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელმოწერით ევროპის საბჭოში გაგზავნილი წერილი,  სადაც კონსტანტინე კუბლაშვილი ვენეციის კომისიას სთხოვდა, საკუთარი დასკვნა წარმოედგინა იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული და რომელიც სასამართლო სისტემის სტრუქტურულ რეფორმირებას ითვალისწინებს.

უზენაესი სასამართლოს ცნობით, აღნიშნული წერილი ევროპის საბჭოში გაიგზავნა ევროპის საბჭოს ადგილობრივი წარმომადგენლობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

„ევროპის საბჭომ,  კონკრეტულად კი, ვენეციის კომისიამ, 2005 წლიდან დღემდე დიდი წვლილი შეიტანა სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში და სწორედ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიხვეწა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდა ჩვენი კანონმდებლობა. რაც შეეხება,  შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობისკენ მოწოდებას,  სასამართლო ხელისუფლება მზადაა ასეთი თანამშრომლობისთვის სასამართლო რეფორმის წარმატებით დასრულებისა და მართლმსაჯულების წინაშე წამოჭრილი ახალი გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადასალახად. ევროპის საბჭო და კონკრეტულად, ვენეციის კომისია, საქართველოს სახელმწიფოს დიდი ხნის საქმიანი და კეთლგანწყობილი პარტნიორია და სასამართლო ხელისუფლება მომავალშიც კანონისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს ამ ურთიერთობას“,-ნათქვამია უზენაესი სასამართლო მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდა, სახელმწიფოებრივი თვითშეგნება გამოიჩინოს.

„მინდა ბატონ კუბლაშვილს კარგად ავუხსნა - ჩვენ ვართ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, მაგრამ წარმოვადგენთ ერთ სახელმწიფოს ქვეყნის გარეთ, ამიტომ გვევალება მეტი კოორდინირებული ქმედება და მე მას ამგვარი ქცევისკენ მოვუწოდებ. ეს მაგალითი აჩვენებს, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სახელმწიფოებრივი თვითშეგნება“,- განაცხადა წულუკიანმა.