პრობაციის ეროვნული სააგენტო  თანამშრომელთა შერჩევას იწყებს

პრობაციის ეროვნული სააგენტო თანამშრომელთა შერჩევას იწყებს

სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო  თანამშრომელთა შერჩევას თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და ოფიცრის თანამდებობებზე იწყებს.

სამინისტროს ცნობით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში იქმნება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, რაც არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან ის პირები, რომლებსაც სასამართლომ შეუფარდა თავისუფლების შეზღუდვა და მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე, შეეცვლებათ თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით.

„დაწესებულებაში მსჯავრდებულები ჩაერთვებიან სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო პროგრამებში,  დაეუფლებიან მათთვის საჭირო პროფესიებს.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება იქნება მნიშვნელოვანი რგოლი მსჯავრდებულთა განთავისუფლებისთვის მომზადებისა და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის გზაზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საკონკურსო პირობების მიხედვით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით მისი საჭიროების შეფასება და კვალიფიციური დახმარების გაწევა, ხოლო ოფიცრის საქმიანობის სფეროს - მსჯავრდებულებზე საქმის წარმოება, ზედამხედველობა და კონტროლი.

მსურველმა კანდიდატებმა საბუთები უნდა წარადგინონ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ასევე განაცხადი უნდა შეავსონ www.hr.gov.ge-ზე, 14 დეკემბრის 18:00 საათამდე.

პირველადი შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე.

შერჩეული კანდიდატები კი გასაუბრებასა და ტესტირებასაც გაივლიან.