მრავალი ცნობილი მსახიობი გვყავს ქართველებს. მათ მიერ განსახიერებული როლები ჩვენი ცხოვრების მუდმივი მეგზურები არიან და თაობათა ცვლის პროცესი არასოდეს ეხებათ. ისინი ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის ყოველთვის ახლობლებად რჩებიან და მათზე მთელი თაობები აღიზარდნენ. მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნიუანსები დღემდე თაობიდან-თაობებს ტკბილი მოგონებების სახით გადაეცემა.
მსახიობი ბადრი ბეგალიშვილი იხსენებდა:
“ფეხბურთელ მიხეილ მესხთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს მიგვიწვია თავის სახლში დიღომში, მე ბუხუტი ზაქარიაძე და კიდევ რამდენიმე მსახიობი. იმ პერიოდში ბუხუტის სტალინის როლში იღებდნენ. შუა ქეიფში რომ ვართ, ბუხუტის ავუტყდი: - ულვაშები გაიკეთეთ ბატონო ბუხუტი-თქო.
- რატომ, რატომ? – დაინტერესდა მსახიობი.
- გვინდა სტალინთან ერთად ვიქეიფოთ-თქო.
რეკვიზიტს მანქანით ატარებდა, ჩაიცვა, მოირგო ულვაშები და დაჯდა “სტალინი” ჩვენს მაგიდასთან. მეტი ეშხით გაგრძელდა პურისჭამა. მიშას იმ ვერანდის პირდაპირ კამკამა წყლით სავსე საცურაო აუზი ჰქონდა. მოგეხსენებათ შეზარხოშებული ქართველის ხასიათი. უცბად გაიძრო მიშამ ტანსაცმელი და გადაეშვა აუზში და მოხდენილად გაცურა. საშინელი სიცხეა.
გავიხადე მეც და ჩავხტი წყალში. ბუხუტიმ იფიქრა – ვისზე ნაკლები ვარო (სულ დაავიწყდა “სტალინი” რომ იყო), დინჯად გაიხადა “ინვენტარი” და დარჩა ფართხუნა ტრუსიკის ამარა. “ბილა-ნე ბილაო” დაიძახა და ჰოოპ! – მოადინა ტყლაპანი აუზში. რომ ამოყვინთა, ისე მოხდა, რომ ფართხუნა ნიფხავი წყალმა “მოსტაცა”, რაც არ გაუგია და აუზის ნაპირზე მთლად დედიშობილა ამოვიდა.
ისევ ვერ ხვდება, რომ უტრუსიკოდაა, დგას და წყალს იწურავს სახიდან. ატყდა ხარხარი და როგორი.
მიშას დედას ვუხმეთ - თამარა დეიდააა! თამარა დეიდააა! ამოდი ჩქარა, ტიტველი ბელადი გვესტუმრა და უნდა გაჩვენოთ-თქო.
ბუხუტი ახლაღა მიხვდა ყველაფერს, ერთი გემრიელად “დაგვლოცა”, თავით ისკუპა წყალში და ათი წუთი ეძებდა ფსკერზე ავბედით ფოხანს”.
გახსოვთ, ალბათ, ბატონ თემურ ჩირგაძის მიერ განსახიერებული ვაჟა ზაზაევიჩის დაუვიწყარი როლი სურათში “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”. ბატონ თემურს კინორეჟისორი ელდარ შენგელაია შემდეგნაირად იხსენებს.
“თემიკოსთან მუშაობა ძალიან მეადვილებოდა. თუ მარტო იყო, იმ ეპიზოდის მხოლოდ ორ-სამ დუბლს ვიღებდით. დიდი ძალისხმევა არ მჭირდებოდა იმის ასახსნელად, თუ რა უნდა გაეკეთებინა. ერთი სიტყვა საკმარისი იყო, რომ რაც მინდოდა, ყველაფერი ზუსტად შეესრულებინა. არ იფიქროთ, ვაჟა ზაზაევიჩის როლი იმიტომ შეასრულა ასე კარგად, რომ მის ხასიათს პასუხობდა. პირიქით, ვაჟა ზაზაევიჩი არაფრით ჰგავდა თემიკოს.
თემიკო საოცრად თბილი, გულღია ადამიანი იყო, რომელსაც დიდი უნარი ჰქონდა, რომ სხვისი დარდი თუ სიხარული გაეზიარებინა. სიმართლე გითხრათ, გული მწყდება, რომ როდესაც ჩემს ფილმს სახელმწიფო პრემია მიანიჭეს, თემიკო არ დააჯილდოვეს. თავად საყვედური არასოდეს უთქვამს. პირიქით, სულ მეუბნებოდა, ერთი ფილმი კიდევ გადაიღე ჩემი მონაწილეობით და ახლა ლენინის პრემიას მიიღებო.
ისეთი დიდი გულის ადამიანს, როგორიც თემიკო იყო, იშვიათად შევხვედრივარ. იგი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, რომლის ამქვეყნად წასვლამ დიდი სიცარიელე დამიტოვა, რომელსაც ვერაფერი შეავსებს. უმისობამ ჩემი ცხოვრება გააუფერულა”.
ძველი თბილისი მაინც განსაკუთრებული ფენომენი გახლდათ. მრავალმა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ბატონი რამაზ ჩხიკვაძე იხსენებს:
“თბილისში, ჩვენს უბანში ძველი ბიჭები ცხოვრობდნენ. ზარს თამაშობდნენ ხოლმე. ერთ დღეს მილიცია დაესხათ თავს. ფულს მოხვიეს ხელი, წყალსადენ მილში შეტენეს და გაიქცნენ.
მივედი, ავიღე ფული, მაისურში ჩავიყარე. გამომებერა მუცელი, იმდენი იყო! წავიღე და შინ ტახტის ქვეშ დავმალე. ის ბიჭები 3-4 დღე არ გამოჩენილან. როცა მოვიდნენ, ერთ-ერთს დავუძახე. რა გინდაო, - შემომიბღვირა. ფული მე შევინახე-მეთქი. გენახათ, რა გაიხარეს. გავხდი მაგათი საყვარელი ბიჭი რამაზა.
ერთხელ, ბავშვებმაც მოვინდომეთ ზარის თამაში. ფულზე არ ვთამაშობდით, მაგრამ გულზე ხელს იმ ყომარბაზებივით ვიბრაგუნებდით. ამ დროს ის ბიჭები არ დაგვადგნენ თავზე? რაც იმათ გვირტყეს! ერთმა კამათლები დამიტრიალა სახეზე, დამინგრია ცხვირ-პირი. იცოდნენ, რომ ცუდს აკეთებდნენ და ჩვენ არ მოგვცეს ცუდის გაკეთების უფლება. ყველას თავისი ღირსება ჰქონდა. ადრე ქურდი თავის უბანში არაფერს მოიპარავდა, ახლა შვილი მამას ჰპარავს. ხაზინიდან ხომ, იპარავენ და იპარავენ”.
დღევანდელი წერილის მომდევნო გვერდი ბატონ იპოლიტე ხვიჩიას დავუთმოთ. ბატონი იპოლიტე ექსპრომტად იგონებდა ლექსებს. ორ-სამ სტრიქონიანი ლექსებით ლაპარაკი და ქილიკი უყვარდა.
როცა ერთხელ ავად გახდა, დიეტა დაუნიშნეს. ეს არ მოეწონა და ცოლს ასეთი ლექსი გაუგზავნა: “სახლში საჭმელი გვეყაროს, ვერ ჭამდე ცოლის შიშითა, ვისაც ასეთი ცოლი ჰყავს, ჩემიც... და სხვისიცა”.
მის გარშემო სულ სიცილ-ხარხარი ისმოდა. ის ამასთანავე კურიოზული პიროვნებაც გახლდათ. კინოფილმ “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” გადაღების დროს ასეთი რამ შეემთხვა: ითამაშა იპოლიტემ პირველი დუბლი, მეორეც, მაგრამ რეჟისორს არ მოსწონდა, უფრო მეტს ითხოვდა. იქამდე არ მოეშვა, სანამ სინამდვილეში არ მოხვდა იპოლიტეს თავში აგური. რკინის ჩაფხუტი ეხურა, მაგრამ აგურმა წონასწორობა მაინც დააკარგვინა, ბარბაცი დაიწყო. კამერისაკენ ერთი გაიხედა და წაიქცა.
“კარგია, მალადეც, იპოლიტე!” – იძახდა რეჟისორი. გვიან დაინახეს, რომ კაცი გონზე არ იყო. იპოლიტე მოასულიერეს და ისე მოეწონათ დუბლი, რომ ასევე დატოვეს.
გადაღებებზე შვილთან, შვილიშვილებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად დადიოდა. ოც კაცამდე ყოველთვის თან ახლდა. ავთანდილ ხვიჩია, იპოლიტეს შვილიშვილი ერთ შემთხვევას იგონებდა:
“ბაბუა და ბებია ხშირად მოდიოდნენ ჩემთან აკადემიაში სწავლის დროს. ერთხელ იპოლიტემ აუდიტორიის კარი შემოაღო და დაინახა ქანდაკებასავით გაშეშებული მენატურე ქალი. უყურა და როცა დარწმუნდა, რომ ეს ქალი ცოცხალი იყო, თავზე ხელი შემოირტყა და ბებიას უთხრა: “მოდი აქ, ნახე, რატომ დადის შენი შვილიშვილი გამოშტერებული!” ისეთი ამბავი ატყდა, რომ ლექციები ჩაიშალა.”
პლაჟიდან მომავალ სესილია თაყაიშვილსა და იპოლიტეს შორის ერთხელ ასეთი დიალოგი გამართულა:
- აუ, გამომასწარი, სესილია?
- რა გინდა, ბიჭო, რა?
- რა და, შენი ნახვა მინდოდა საბანაო კოსტიუმში.
- მეხი კი დაგაყარე! ჰა, და შემხედე!
- დიდუუუ! ყვავს ააჩხავლებს!
- დამეკარგე აქედან! – გაწყრა სესილია.