საქართველოს იუსტიციის სამინსიტრომ და მთავარმა პროკურატურამ უარი თქვა ახმედ ჩატაევის რუსეთისთვის გადაცემაზე. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
„ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მსგავსი ეთნიკური წარმოშობის პირს ვერ გადავცემთ რუსეთს. ამ პირის მიმართ თავის დროზე უკრაინას ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ რუსეთისთვის არ გადაეცა. ჩვენ გვაქვს მწარე მაგალითი ჩეჩნების საქმისა - შამანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც საქართველო მკაცრად დაისაჯა იმისთვის, რომ 5 ჩეჩენი ე.წ. ბოევიკი გადასცა რუსეთს. ჩვენ მსგავსი ტიპის შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და ჩატაევი რუსეთში ჩვენი ხელით არ დაბრუნდება. ეს გამორიცხულია“ - განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება ჩატაევის საქართველოში პატიმრობას, როგორც იუსტიციის მინიტრმა აღნიშნა, სანამ რომელიმე პროკურორი გადაწყვეტს მისი გათავისუფლება მოითხოვოს, ან სხვა ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს, აუცილებელია, პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლების პირობებში, უკეთესად გაერკვენ საქმის ვითარებაში.
„მე არ მგონია, რომ დღეს ჩატაევის გთავისუფლება იყოს მიზანშეწონილი. ეს ჩემი აზრია და არ ვიცი, რას ფიქრობს მის საქმეზე დანიშნული პროკურორი. თუ იგი ჩათვლის, რომ ჩატაევის ადგილი არის ციხის გარეთ სხვადასხვა მიზეზის გამო, იმ თავისუფლების პირობებში, რაც მე პროკურორებს მივეცი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ“ - აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ლაფანყურის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია გაირკვეს რეალურად იქ რა მოხდა.
„ჩატაევი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც რეალურად დაეხმარება გამოძიებას, გაგვარკვიოს საქმის რეალურ ვითარებაში“ - აღნიშნა თეა წულუკინმა.