ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პირველადი პროექტი იცვლება და პარლამენტი მას იმ სახით, როგორითაც ამ ეტაპამდეა წარმოდგენილი პარლამენტში, არ მიიღებს.
მისი თქმით, ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ორგანიზაციის და აღმასრულებელი სტრუქტურების პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა.
ჩუგოშვილის განმარტებით, თავად საია-ს კითხვები ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, ეხება კონკრეტული მუხლების შერჩევის პრინციპებს და ასევე იმას, თუ რამდენ პატიმარს შეეხება ამნისტია.
ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პირვანდელი პროექტის თანახმად, ამნისტია საკმაოდ მასშტაბურია და რისკებს შეიცავს.
„ამნისტიის მიღებას მივესალმებით, მაგრამ ამავდროულად მივიჩნევთ, რომ საჭიროა, დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება. თავდაპირველად, წარმოდგენილი პროექტი ეხება ყველა პატიმარს, ვისაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული. ასევე, ამნისტია ეხება ყველა პრობაციონერსა და სახელმწიფო კონტროლსა და კომუნიკაციას იხსნის ამ პირებთან მიმართებაში. ასევე პროექტში არის მთელი ჩამონათვალი მუხლებისა, რომელთა მიმართებაშიც გათვალისწინებულია სასჯელის განახევრება და განურჩევლად ყველა კატეგორიის მსჯავრდებულს უმესამედდება სასჯელი. ჩვენი პოზიციაა, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით, რათა ეს არ აისახოს კრიმინალის ზრდაზე. საჭიროა რისკების აწონ-დაწონვა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.