პროფესიულ კოლეჯ „სპექტრი“ დღეს, თემაზე - „კერძო სექტორის ჩართულობა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში“ კონფერენცია ჩატარდა.
ამის შესახებ, ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის (GIZ PSDP Georgia) ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მიიღეს.
კონფერენციის მიზანი პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობების გაცნობა და ამ მიმართულებით პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ გამოცდილების გაზიარება იყო.
კოლეჯში „სპექტრი“ 32 პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. მათ შორის: ფართო პროფილისმშენებელი, ზეინკალი, მკერავი, ელექტრიკოსი, მაცივრებისა და ავტომობილების შემკეთებელი, მძერწავი (არქიტექტურული დეტალების), სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი, გარემოს დაცვის ტექნიკოსი, ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი, ბუღალტერი, ოფისის მენეჯერი, მებაღე, ტოპოგრაფისტი, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი, პოლიგრაფისტი და სხვ.