ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან შეხვედრაზე დრეს, ტალინში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ესტონეთი საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო აქვეყნებს.
„დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამ და ძალაუფლების სათანადო ტრანზიციამ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე დადებითი ბიძგი მისცა“, -განაცხადა პაეტმა.
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებზე საუბრისას პაეტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოს მომავალი მდგრადი განვითარების გაგრძელებისთვის.
მან ასევე, აღნიშნა, რომ დეკემბრის დასაწყისში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც ალიანსი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებას შეაფასებს.
ევროკავშირის მიმართულებით განვითარებული მოვლენების განხილვისას პაეტმა აღნიშნა, რომ პოზიტიურია ის, რომ საქართველოს ახალი მთავრობა უკვე შეუერთდა საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს.
„ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა საქართველოსთან დაასრულოს მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცვეელი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ჩატარდება ვილნიუსში 2013 წლის მეორე ნახევარში. თუმცა ეს დამოკიდებული იქნება საქართველოს მზადყოფნასა და რეფორმების წარმატებით განხორციელებაზე“,-განაცხადა მან.
პაეტმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთს სურს, საქართველოს დაეხმაროს ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე რეფორმების განხორცილებაში გამოცდილების გაზიარებით.
„ჩვენ ვიწვევთ საქართველოს, რომ გააგრძელოს ტალინში აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება“, - განაცხადა ურმას პაეტმა.