თეა წულუკიანი: რესურსს არ დავიშურებთ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე შევისწავლოთ

თეა წულუკიანი: რესურსს არ დავიშურებთ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე შევისწავლოთ

იუსტიციის სამინისტრო არ დაიშურებს რესურსს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე სიმართლე დადგინდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში განაცხადა, განახლებული გამოძიების პირობებში ზურაბ ჟვანიას ოჯახიც მონაწილეობს და გამოძიება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

„ჟვანიას საქმე იყო, არის და იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი მაღალი პრიორიტეტი, რადგან ჩვენს ქვეყანას ეკუთვნის იცოდეს, რა პირობებში გარდაიცვალა მისი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ არც ერთ ჩვენს რესურსს არ დავიშურებთ, რომ ეს იქნას შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ გვავალდებულებს, ჩვენ უზრუნველვყოფთ, ჟვანიას ოჯახის წევრების გამოძიებაში ჩართულობას. ზურაბ ჟვანიას ძმა ჩართულია ამ პროცესში და კონტაქტზეა გამოძიებასთან. მას მიეწოდება რეგულარულად ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ოჯახს სჭირდება იმისათვის, რათა იცოდეს, თუ რა ეტაპზეა გამოძიება“ - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ გამოძიების შესახებ ღიად ვერ ისაუბრებს, რადგან ასეთ შემთხვევაში გამოძიება აზრს კარგავს.