ნავთობისა და გაზის კორპორაციას დავით თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს. ახალი გენერალური დირექტორი კორპორაციის თანამშრომლებს დღეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ წარუდგინეს.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, თვალაბეიშვილი ნავთობისა და გაზის სფეროში გამოცდილი კადრია, იგი მუშაობდა USAID-ის და MCG-ის პროექტების მენეჯერად, ასევე მსოფილიო ბანკის თბილისის ოფისში.
„დავით თვალაბეიშვილის დანიშვნა კომპანიის ინტერესებს გააძლიერებს და გაზრდის მის ღირებულებას, უფრო ეფექტურს გახდის კომპანიის მენეჯმენტს და შესაბამისად, კორპორაციისა და საპარტნიორო ფონდის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდება. კორპორაცია საპარტნიორო ფონდთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად იმუშავებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ამ მიმართულებით დგას“,- განაცხადა კოვზანაძემ.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ წარმატება უსურვა ახალ გენერალურ დირექტორს და იმედი გამოთქვა, რომ კორპორაცია საპარტნიორო ფონდთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად მოსახლოებისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს.
დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელობა მისთვის დიდი პატივია.
„ვიცი, რომ კორპორაციაში არის პროფესიონალთა გუნდი. შევეცდები, კომპანია უფრო წარმატებული გახდეს საპარტნიორო ფონდთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად“, - განაცხადა თვალაბეიშვილმა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით თვალაბეიშვილმა ზურაბ ჯანჯღავა შეცვალა, რომელიც კორპორაციას 2007 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.