აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკ რუბინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ საქართველოში იმ მიზნით იმყოფება, რომ სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით ორმხრივი ურთიერთობები განიხილოს.
„ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი პოზიციისა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, ქართველ ხალხს და მთავრობას, რომ საკუთარი მისწრაფებები რეალობად აქციონ. ჩვენ ასევე აქ ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად და როგორ გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა ავღანეთსა და ბევრ სხვა სივრცეში, სადაც ქართველები და ამერიკელები ერთად მსახურობენ. ეს ძალზე წარმატებული ისტორიაა და ჩვენ ვაპირებთ, ეს ისტორია გავაგრძელოთ“, - განაცხადა ერიკ რუბინმა.
მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრებისას ისაუბრებს იმაზეც, როგორ შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას წინსვლა ახალი მთავრობის პრიორიტეტების მიმართულებით,, რაც ეკონომიკურ წინსვლას, სამუშაო ადგილების შექმნასა და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას გულისხმობს.
„აქ იმიტომაც ვარ, რომ განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ტრანზიციის პროცესს წარმატებული არჩევნების შემდგომ საქართველოში, როგორც ამაყ დემოკრატიაში. ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი პოზიციისა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, ქართველ ხალხს და მთავრობას, რომ საკუთარი მისწრაფებები რეალობად აქციონ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ურთიერთობით და ვაპირებთ, კვლავ გავაგრძელოთ მხარდაჭერის პოლიტიკა ყველა შესაძლო გზით. ამავე გზავნილს ჩავიტანთ ჟენევაშიც, რომელსაც მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ვეწვევით. დავაფიქსირებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში. ვიმედოვნებთ, შევძლებთ, მივაღწიოთ პროგრესს იმ სირთულეებთან მიმართებაში, რომელთაც ჩვენ ჟენევაში განვიხილავთ, მათ შორისაა ურთიერთობების გაუმჯობესება ყველა მონაწილე მხარეს შორის, ხალხთა შორის კონტაქტების ჩამოყალიბება და ზოგადი დაძაბულობის შემცირება“,- აღნიშნა ერიკ რუბინმა.
მისივე თქმით, აშშ მიესალმება რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესებას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს რეგიონის ყველა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.
„გვჯერა, რომ უკეთესი ურთიერთობები საქართველოს საზღვრებზე მიღწევადია. რეგიონში არ არსებობს მიდგომა „ყველაფერი ან არაფერი“ და ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრის მცდელობას, გააუმჯობესოს ქვეყნის ურთიერთობები რეგიონის ყველა ქვეყანასთან. შევეცდებით, ამ ყოველივეს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ჟენევაში“, - განაცხადა რუბინმა.