საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, თბილისის ბიუჯეტში თანხმების არამიზნობრივად ხარჯვის შემოწმება არა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არამედ, მოწვეულმა, კერძო აუდიტმა უნდა განახორციელოს.
გაბუნიას თქმით, ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ ენდობა, რადგან ის იმ ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რიცხვს მიეკუთვნებიან და აღნიშნავს, რომ ალტერნატიული აუდიტის ჩატარება სწორედ, ამ მოტივით მოითხოვა.
„საკრებულოს ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივადაა დახარჯული. ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება, თუმცა მე საქართველოს აუდიტის სამსახურს არ ვენდობი, რადგან ის იმ ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რიცხვს მიეკუთვნებიან. მათ შორის, თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის აუდიტის დეპარტამენტის უფროსად ბეჟან ბუცხრიკიძეა დანიშნული. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ხაზინდარი იყო. ამიტომ ბუნებრივია, მათ არ ვენდობი და ალტერნატიული აუდიტის ჩატარება სწორედ, ამიტომ მოვითხოვე.
საქართველოს ორგანული კანონი თვითმმართველობის შესახებ, მისი 57 მუხლი გვაძლევს საშუალებას, მოვიწვიოთ კერძო აუდიტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, თბილისის ბიუჯეტის შემოწმებისა. მიმაჩნია, რომ ეს უფრო სწორი და გამართლებული იქნება. ასევე, ეს იქნება ობიექტური ანალიზი თბილისის ბიუჯეტის, როგორც საფინანსო დოკუმენტისა. გამომდინარე იქიდან, რომ კონტროლის პალატა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობითაა“ დაკომპლექტებული, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ საბიუჯეტო დარღვევებს ობიექტურად არ შეისწავლის“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა ხელმოწერები და ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ ამ საკითხზე მუშაობენ.
ცნობისთვის, თბილისის ბიუჯეტიდან თანხის განკარგვის კანონიერებით, სავარაუდოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ახლადშექმნილი ფრაქციის „ქართული ოცნება - თბილისის“ თავმჯდომარემ, გიორგი მუსხელიშვილმა განაცხდა.