პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეჭვს გამოთქვამს, რომ უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი კომიტეტის სხდომების ჩაშლას მიზანმიმართულად ცდილობს.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ბესელიასა და თაქთქიშვილის შორის კამათი რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებულმა პროცედურებმა გამოიწვია. უმრავლესობის წევრი ოპოზიციონერს პროცედურების დაცვას, სხდომის მიმდინარეობისას ხშირად სთხოვდა.
„ქალბატონო ეკა, ნუ ღელავთ, სჯობს ისე ისაუბროთ. იაფფასიან სტანდარტზე კომიტეტის მუშაობა ნუ გადაგყავთ“, - მიმართა თაქთაქიშვილმა ბესელიას, რაზეც უმრავლესობის წევრმა უპასუხა, რომ „როცა თქვენ საუბრობთ, საერთოდ არ ვღელავ, უფრო მეტად მეღიმება. იმის გამოსწორებას ვცდილობთ, რასაც თქვენ ცხრა წლის განმავლობაში აფუჭებდით. რეგლამენტი უნდა წაიკითხოთ და თუ კითხულობთ, მაშინ დაიცავით. საზოგადოებაზე, როცა საუბრობთ, ის გაიხსენეთ, რომ საზოგადოებამ თქვენ ადგილი მიგიჩინათ. მიჩვეული ხართ თვითნებობას, მაგრამ ქალბატონო ჩიორა, ნუ ხულიგნობთ. მანდატურს დავუძახოთ, რომ გაჩუმდეთ? ქალბატონო ჩიორა, პაუზა გააკეთეთ, ამ სახელის ხსენება გსიამოვნებთ?“.
კანონმდებლების კამათში უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავა ჩაერთო და ბესელიას მოუწოდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს ნუ გააკეთებდა.
„შეურაცხმყოფელი განცხადებებიდან უნდა გამოვიდეთ“, - მიმართა ბოკუჩავამ ბესელიას, თაქთაქიშვილმა კი, დასძინა, რომ ბესელიას სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებს.
თავის მხრივ, ბესელიამ საზოგადოებას გამართული კამათის გამო ბოდიში მოუხადა.
„უმსგავსობის გამო საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლებს შორის გამართული დღევანდელი კამათი პრეცედენტი არ არის, რადგან დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე ხშირად კამათობენ.