საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მზადყოფნას გამოთქვამს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველად გაგზავნილი ქართული საქმეები ქვეყნის შიგნით გადაწყდეს.
როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, ევროპულ სასამართლოში ვიზიტის ფარგლებში, სასამართლოს თავმჯდომარეს, მოსამართლეებს და იმ სექციის თავმჯდომარეს შეხვდა, სადაც ქართული საქმეები იხილება.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი იქ ჩასვლის მიზანი სასამართლოსთვის ქართული საქმეებისგან განტვირთვის შთავაზება იყო.
„მათგან გავიგე, რომ სტრასბურგის სასამართლოს აქვს 700 ქართული საქმე, რომელიც დასაბუთებულია. ამდენივე საქმე აქვს, რომელიც ჯერ-ჯერობით დასაბუთებული არ არის, მაგრამ 700 დასაბუთებული საქმე ძალიან ბევრია. მაგალითისთვის, საფრანგეთს, რომელიც რომელიც გაცილებით დიდი ქვეყანაა, აქვს 60 დასაბუთებული საქმე“ - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, განტვირთვის შესახებ მიღებულ წინადადებას, სასამართლოში სიხარულით შეხვდნენ და პირველადი შეთანხმებაც შედგა.
„იმ 700 მიმდინარე საქმეზე, რომელიც ადრე თუ გვიან გადაწყდება, ბიუჯეტიდან გვექნება ძალიანი დიდი თანხები გადასახდელი. ამიტომ, როგორც კი მათ შესახებ ინდივიდუალურად შეგვატყობინებს სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებას მომჩივან მხარესთან საქმის მორიგების თაობაზე. რაც შეეხება მომავალ საქმეებს, რომელიც შეიძლება მომავალში შევიდეს სტრასბურგის სასამართლოში, შევთანხმდით, რომ შევეცდებით მოგავაროთ მანამ, სანამ ის წავა ევროპულ სასამართლოში. მინდა იმ 700 ადამიანს მივმართო და ვუთხრა, რომ თუკი მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათი საქმე ქვეყნის შიგნით მოგვარდება, არ ელოდენ სტრასბურგის სასმართლოს. ჩვენ, სახელმწიფო ვართ აქ და მზად ვართ მათთან დაკავშირებული პრობლემა მოვაგვაროთ მოკლე ვადაში“ - განაცხადა წულუკიანმა.