ნოდარ ჯავახიშვილი პროკურატურას მიმართავს და „ქართუ ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, საქმის აღძვრას ითხოვს

ნოდარ ჯავახიშვილი პროკურატურას მიმართავს და „ქართუ ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, საქმის აღძვრას ითხოვს

ბანკი „ქართუ“ პროკურატურას მიმართავს და ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქმის აღძვრას ითხოვს.

როგორც ჯავახშვილმა კონფერენციაზე განმარტა,  პარლამენტის მიერ, მიღებული კანონით, რომლითაც პირველი რიგის იპოთეკარი სახელმწიფო გახდა, სახელმწიფომ ბანკის 190 მილიონი ლარის გირავნობა დაისაკუთრა, რასაც ბანკს 125 მილიონი ლარის პირდაპირი ზარალი მიაყენა.

ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით,  მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაისაკუთრებდა,  ბანკისთვის ჩამორთმეულ გირაობებს,  მათი გასხვისება საქართველოს პრეზიდენტის  განკარგვის საფუძველზე, პირდაპირი მისყიდვის წესით ხდებოდა.

„ასეთი საკანონმდებლო ნორმების ამოქმედების პირველივე დღეებში, ჩვენი მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რომ ეს „კანონშემოქმედება“  მხოლოდ სს „ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული, თანაც დანაშაულებრივად და ახლად მიღებული ნორმა გაუქმდებოდა იმ მომენტისთვის, როდესაც ავტომატურ რეჟიმში მთელ საბანკო სისტემაზე მისი გავრცელების საშიშროება დადგებოდა. პარლამენტმა სწორედ ჩვენ მიერ ნავარაუდევ პერიოდში - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სისრულეში მოიყვანა თავისი განზრახვა, ბანკს წაართვა ქონებრივი უფლება, 190 მლნ ლარის გირავნობა/იპოთეკა და მიაყენა 125 მლნ ლარის ზედაპირული ზარალი, 20 აპრილს გააუქმა სადამსჯელო საკანონმდებლო ნოვაცია, რითაც კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე უდავოდ დადასტურდა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს და თავად ქვეყნის პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობა აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე განმარტებით, უკვე დოკუმენტურად შეუძლიათ იმის მტკიცება, რომ საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის საბაბით ჩამორთმეული ქონება, ბანკისთვის ფინანსური ზარალის მიყენების შემდეგ, სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემით დაუბრუნდებოდათ თავდაპირველ მფლობელებს ან გასხვისდებოდა სიმბოლურ ფასად.

„ბოლო დღეებში შევძელით სათანადო დოკუმენტების მოპოვება, რომელმაც ჩვენი ეჭვები დაადასტურა და რომელმაც ცხადი გახადა, რომ ბანკის წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო სქემის ბოლო ეტაპშიც ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირ მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაისაკუთრებდა ბანკისთვის ჩამორთმეულ გირაოებს, მათი გასხვისება ხდებოდა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით. ამასთან, ეს განკარგულებები დადგენილი წესით არ ქვეყნდებოდა საკანონმდებლო მაცნეში“,- განაცხადა ჯავახიშვილმა.

ჯავახიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის მხოლოდ ერთი, კერძოდ, 29 მაისის განკარგულებით,  57 ფიზიკურ პირზე ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 97 ობიექტი სიმბოლურ ფასად - თითო 1 ლარად გასხვისდა, მაშინ როცა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასებით, აღნიშნული ქონების ღირებულება 5 მლნ ლარს აღემატება.

„ანალოგიურად, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებისგან დამალული განკარგულებით, „პირიმზეს“ თითქმის 42 მლნ ლარად შეფასებული ექვსი ერთეული ქონება „გაიყიდა“ 2,3 მლნ ლარად, ანუ რეალური ღირებულების 5 პროცენტად და ისიც 2-წლიანი განვადებით. მთლიანად ქვეყნის პრეზიდენტის სამი განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვით, ძირითადად 2-წლიანი განვადებითა და აბსურდული საპრივატიზაციო პირობებით, 107 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 63 უძრავი ქონება და 12,8 მლნ ლარის მოძრავი ქონება გასხვისებულია სულ რაღაც 8,9 მლნ ლარად, ანუ ღირებულების 7 პროცენტად, მაშინ როდესაც მხოლოდ სამ ქონებაში „ქართუ“  ბანკი იხდიდა თითქმის 15 მლნ ლარს,თუმცა უშედეგოდ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ბანკი „ქართუს“ პრეზიდენტი  პროკურატურას აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და გამოძიების დაწყებას თხოვს.