ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 28-ე შეხვედრა იმართება.
შეხვედრაზე ქართული დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა.
შსს-ს დელეგაციას ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის ნაცვლად, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე წარმოადგენს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქართული მხარე შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს დააყენებს, კერძოდ, 14 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ქარელის რაიონის სოფელ კოდას მცხოვრები როინ მჭედლიძე სცემეს და ხეზე მიაბეს 2008 წელს საქართველოს მიერ ომის დაწყების მოტივით.
„თავდამსხმელები ოსურ ენაზე საუბრობდნენ. მეორე ფაქტი, რომელზეც ქართული მხარე ყურადღებას გაამახვილებს, არის ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უკანონო ბრალდებით გასამართლებული საქართველოს ორი მოქალაქის - ვასილ კობახიძისა და ზურაბ მექერაშვილის გათავისუფლება, ასევე, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ნიქოზიდან ბეტონმრევის გატაცების ფაქტი“, - განაცხადეს შს სამინისტროში.