თბილისის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისი“ შეიქმნა. ფრაქციის დაფუძნების შესახებ განცხადება დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი მუსხელიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ფრაქციას საკმარისი ბერკეტი გააჩნია, რათა ქალაქის მერიის მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯი გამოითხოვოს და მისი მიზნობრიობის საკითხი დააყენოს.
„ჩვენი ფრაქციის მიერ წარმოებული ნებისმიერი პროცესი მოსახლეობისთვის გამჭირვალე იქნება. გვექნება მათთან მუდმივი კონტაქტი, როგორც ეს ეს ხალხის მიერ არჩეული ორგანოს წარმომადგენლობას ეკადრება”- განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
„ქართული ოცნება – თბილისი” საკრებულოს სამ წევრს აერთიანებს. ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი,ხოლო მოადგილე კი გიორგი ტყემალაძე იქნება.
გიორგი მუსხელიშვილისა და მაკა გვარამიას უფლებამოსილება თბილისის საკრებულომ წინა სხდომაზე ცნო. მათ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე ჩაანაცვლეს. ფრაქციის მესამე წევრი გიორგი ტყემალაძე კი თბილისის საკრებულოში პარტია „მრეწველების“ პარტიული სიით შევიდა.