გერმანიის ელჩი კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებს მოინახულებს

გერმანიის ელჩი კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებს მოინახულებს

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად,  ხვალ, 19 ივლისის სტიქიისაგან დაზარალებულ კახეთის სოფლებს მოინახულებს.

პროექტისთვის - „კახეთის ოთხი სოფლის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს აღდგენა“ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარების ფონდიდან მთლიანობაში 50 ათასი ევრო გამოიყო.

საელჩოს ინფორმაციით,  ეს თანხა სტიქიური უბედურებისაგან ყველაზე მეტად დაზარალებული გურჯაანის რაიონის ოთხი სოფლის (ვაზისუბნის, კალაურის, შაშიანისა და ვაჩნაძიანის) სასოფლო-სამეურნეო საწარმოების აღდგენას მოხმარდა.

დახმარების გერმანული პროექტი ადგილზე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ CARE International in the Caucasus (CIC)განახორციელა.

ორგანიზაცია პროექტისათვის გამოყოფილი თანხით ოთხი სოფლის გლეხებს განადგურებული მოსავლის შენარჩუნების,  სათესი ფართობების აღდგენის, ახალი სათესლე მასალის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შეძენაში დაეხმარა.

ორგანიზაციამ გლეხებს გაუწია კონსულტაციებიც სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მუშაობის გაგრძელების სფეროში.

19 ივლისის შემდეგ გერმანიის საელჩო შეუერთდა საქართველოს მთავრობასა და სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა სტიქიური უბედურების შედეგების დაძლევა რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო.