პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ქვეყნის პრესტიჟია.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანა პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდა და ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრებს.
„ფაქტია, რომ ეს საქმე დახურული არ არის. მას შემდეგ, რაც ქვეყანა გათავისუფლდა პოლიტიკური ზეწოლისგან და წნეხისგან, ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც ისაუბრებს კონკრეტულ ფაქტებზე ამ საქმესთან დაკავშირებით. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა და ამ სიმართლის საზოგადოებისთვის მიწოდება არის ქვეყნის პრესტიჟის ამბავი. წინა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და საფუძვლიანი ეჭვია იმისა, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა" - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.