საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების მე-12 პლენარული სესია გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას, მთავარი მომლაპარაკებლის რანგში, პირველად ხელმძღვანელობდა დავით ზალკალიანი. დელეგაციაში, ასევე, შედიოდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ევროპული მხარის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს სამმართველოს დირექტორი, გუნარ ვიგანდი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს: შეთანხმების პრეამბულა, პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა (CFSP); მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება (JFS) და ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები. ასევე, განხილულ იქნა დარგობრივი თანამშრომლობის თავების შეთანხმების კუთხით არსებული მდგომარეობა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DC FTA) მოლაპარაკებების მიმდინარეობა.
მხარეებმა ასევე, შეაჯამეს მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული პროგრესი და დასახეს სამომავლო გეგმები. მოლაპარაკებებმა მხარეების შეფასებით, კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.
საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" და ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას და თანამშრომლობას ახალ, ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას.