პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ექს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული, თუნდაც ირიბად, მოწმის სახით უნდა დაიკითხოს.
როგორც ჟურნალისტებს აბაშიძემ განუცხადა, დაკითხვაზე ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია იყო, რომელმაც პროკურატურას მასალები და გარკვეული ინფორმაცია გადასცა.
მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მოლოდინი დიდია და ხალხს აინტერესებს გარემოების გარკვევა - თუ როგორ დაიღუპა ზურაბ ჟვანია.
„ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაირკვეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ადამიანი. ამ საქმეს წერტილი უნდა დაესვას“, - განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ცნობით, ყოფილი პრემიერის გარდაცვალების მიზეზად გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირი დასახელდა.