The New York Times საქართველოში სამართლის მიუკერძოებლობის აუცილებლობაზე წერს. გამოცემის შეფასებით, დასავლელმა ლიდერებმა თანმიმდევრულად უნდა მოითხოვონ სამართლის მიუკერძოებლობა, ხოლო აღნიშნული გზავნილი თბილისში ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ქეთრინ ეშტონმა ჩამოიტანა.
სტატიას, რომელსაც The New York Times საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ აქვეყნებს, ხელს აწერენ - ლონდონის „კინგს კოლეჯის" მიწვეული უფროსი მკვლევარი, ევროკომისიის ყოფილი ელჩი საქართველოსა და სომხეთში დენის კორბოი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში უილიამ კორტნი და პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ასევე აშშ-ის ყოფილი ელჩი ბელარუსსა და საქართველოში კენეტ იალოვიცი.
The New York Times წერს, რომ სულ რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და ოპოზიციას ძალაუფლება მშვიდობიანად გადაეცა, მაგრამ დემოკრატიული მონაპოვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მაღალი რანგის ჩინოვნიკების დაპატიმრებათა ტალღამ იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია.
„დაპატიმრებების დიდმა მასშტაბებმა და ბუნდოვანმა სასამართლო პროცედურებმა შეშფოთება გამოიწვია. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ივანიშვილი შერჩევითი სამართლის გამო გააფრთხილა“ - აღნიშნულია სტატიაში სახელწოდებით „სამართლიანობა თუ შურისძიება?“
ამასთან, The New York Times წერს, რომ ივანიშვილის კოალიციამ, „ქართული ოცნებამ“, 1 ოქტომბრის არჩევნებში საკვირველი გამარჯვება მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მთავრობამ შეიტანა ცვლილებები საარჩევნო სისტემაში.
სტატიის ავტორი ელჩები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილს საქართველოში იმისთვის აკრიტიკებდნენ, რომ მან ჭარბი ძალაუფლების აკუმულირება მოახდინა, ინარჩუნებდა მკაცრ კონტროლს ნაციონალურ ტელევიზიებზე, ადგილი ჰქონდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სხვა ფაქტებს, ხოლო არჩევნების წინ, გამოჟონა ვიდეომ, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ სცემდნენ და ძალადობდნენ პატიმრებზე ციხის მცველები.
„ეს და სხვა სერიოზული ბრალდებანი უნდა გამოიძიონ. მაგრამ სასამართლო უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ღიად, ხოლო შედეგები უნდა განაპირობოს სათანადო სამართლებრივმა პროცედურებმა და არა ანგარიშსწორებამ. ივანიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ ღიაა დასავლეთის რჩევებისადმი კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, მაგრამ ის და ზოგიერთი მისი მომხრე, როგორც ჩანს, შურისძიებისკენ იხრებიან. ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება დასავლეთზე გაბრაზება იყოს, რადგან დასავლეთი სააკაშვილს, მისი პროდასავლური პოზიციის გამო, მტკიცედ უჭერდა მხარს და არ რეაგირებდა სათანადოდ დემოკრატიული პრაქტიკის შელახვაზე“ - ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ევროპის კავშირმა გაყინა ურთიერთობა უკრაინასთან, კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან, რომელსაც ამბიციები ჰქონდა იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი, იულია ტიმოშენკო საეჭვო ბრალდებებით დააპატიმრეს.
„კარგი იქნება, თუ შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი ქართველ ლიდერებს მსოფლიოში ცნობილი იურისტების ჯგუფის კონსულტაციას შესთავაზებენ. მათი კონსულტაცია უნდა გახდეს სამართლიანი სასამართლო პროცედურის გარანტია. ოქტომბრის არჩევნებმა, რომელიც დასავლელმა დამკვირვებლებმა თავისუფლად და სამართლიანად მიიჩნიეს, იმის იმედი გააჩინა, რომ საქართველო შეიძლება დემოკრატიის შუქურად იქცეს. რეტროგრადულმა ნაბიჯებმა ეს ყველაფერი შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს“ - წერენ სტატიის ავტორები.
სტატიის ქართულ თარგმანს foreignpress აქვეყნებს.