სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ, ორგანიზებულ კონფერენციაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სიტყვით გამოვიდა.
ხადურის განცხადებით, მნიშვნელოვანია ნებისმიერი კონფერენცია, რომელიც ბიზნესის განვითარებასა და საქართველოს ბიზნესცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია საქართველოში მსგავს ღონისძიებას ატარებს.
„ერთი რამ ცხადია, ჩვენ არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება უნდა ვისწავლოთ და შესაძლებლობები რეალობად უნდა ვაქციოთ“, - განაცხადა ხადურმა.
როგორც კონფერენციის დაწყებამდე ლონდონის საფონდო ბირჟის წარმომადგენელმა ენდრიუ კოქდშელმა განაცხადა, დღევანდელი კონფერენციის მიზანი, საქართველოში უცხოური ინვესტიციებისა და ლონდონის საფონდო ბირჟიდან ფინანსების მოზიდვის ხელშეწყობაა.
მისი თქმით, კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოსულები არიან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ასევე სპიკერები ლონდონის საფონდო ბირჟიდან.
ისინი ისაუბრებენ, რას გულისხმობს აქციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
„გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს არის პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტარდება არჩევნების შემდეგ და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით“, - განაცხადა ენდრიუ კოქდშელმა.