ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ფედერიკა ფავი-სთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა დევნილთა მდგომარეობაზე ისაუბრეს, არსებული საჭიროებები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„იტალიის მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთ-ერთი მხარდამჭერია. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით წელს, 11 დევნილი ბავშვი იტალიაში ფსიქორეაბილიტაციისთვის 1 თვით იმყოფებოდა. ასევე, იტალიის მთავრობის დახმარებით აშენდა 20 კოტეჯი იმერეთის რაიონის სოფლებში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, დავით დარახველიძემ იტალიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ დევნილი საზოგადოების მხარდასაჭერად იტალიის მთავრობასთან ურთიერთობის გასაღრმავებლად მზად არის.
ფედერიკა ფავის თქმით, მინისტრთან საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა, რისთვისაც დავით დარახველიძეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარტნიორობა გაღრმავდება.