ბესელია: აბდალაძის ადვოკატი რას იტყვის - მაინტერესებს

ბესელია: აბდალაძის ადვოკატი რას იტყვის - მაინტერესებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ინტერესდება ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით, გიორგი აბდალაძის ყოფილი ადვოკატი თუ რას იტყვის.

როგორც ჟურნალისტებს გიორგი აბდალაძის ყოფილმა ადვოკატმა, ბესელიამ განუცხადა, როდესაც, გამოძიება მიმდინარეობდა, ის აცხადებდა, რომ დაკავებულ ფოტო რეპორტიორებზე ზეწოლა ხდებოდა.

მისი თქმით, აბდალაძე მას ჩანაწერების წიგნში უწერდა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა  ხორცილდებოდა.

„ამაზე საჯაროდ ვსაუბრობდი და ჩემი შენიშვნები დაკითხვის ოქმებშიც იყო, რომელიც  მის ე.წ. აღიარების დროს შედგა. აბდალაძეს ძალოვნები ჩემს აცილებას თხოვდნენ. ფაქტია, რომ გამოიძიებისთვის ხელისშემშლელი ვიყავი. მახსოვს, აბდალაძემ მითხრა, რომ მას  ფარული ჩამწერი დამონტაჟებული ჰქონდა, როგორც ჩემთან შეხვედრაზე, ასევე წითელ ჯვართან. ჩვენი საუბარი იწერებოდა. მაინტერესებს, აბდალაძის ადვოკატი რას იტყვის -  მისი ჩართვა კანონიერად მოხდა? რას იტყვის, მართლაც მისი ახლობელი იყო? სამწუხაროდ, იყვნენ ადვოკატები, რომლებიც  უშიშროებასთან თანამშრომლობდნენ და ასე იქცეოდნენ- როგორც ამ საქმეში“, - დასძინა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ფოტორეპორტიორების სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაცვ გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ცუცქირიძეს ადვოკატების აცილებას სთხოვენ. აბდალაძის ადვოკატი კი, ეკა ბესელია იყო, რომელიც ამ საქმეს ჩამოაშორეს.