7 ოქტომბერი ოფიციალურად დასვენების დღე, მხოლოდ, თბილისელებისთვის იყო, თუმცა სარკოზის ჩამოსვლამ რუსთაველებიც „დაასვენა“.
დღის ორ საათზე, ე.წ ძველ რუსთავში ცარიელი ავტობუსების კოლონა გამოჩნდა. გადავწყვიტეთ, კოლონას გავყოლოდით. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ავტობუსები, სპორტის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან იკრიბებოდნენ.
„სარკოზის დასახვედრად მივდივართ, ბატონო. მერიის ხალხი და მასწავლებვლები მიგვყავს. ჩვენ ტყუილად ნუ გადაგვიღებ სურათს. დაგვიბარეს და მოვედით. აი, იმათ მიხედე” – გვირჩია ყვითელი ავტობუსის მძღოლმა.
ადამიანები, ვის მიმართაც ყურადღების გამოჩენა გვირჩიეს, მერიის თანამშრომელები იყვნენ. რუსთავის მერიის ყველა სამსახური სრულად იყო წარმოდგენილი.
მათთან ჩამწერით მისვლის შემთხვევაში, დიდი ალბათობა იყო, რომ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივიღებდით. გავითვალისწინეთ ის ფაქტორიც, რომ გარშემო ჩვენ გარდა არც ერთი ჟურნალისტი არ იყო და აპარატურის წართმევის შემთხვევაშიც ვერავინ დაგვეხმარებოდა, თუნდაც ფაქტის დაფიქსირების მხრივ. ამიტომ ფარული გადაღების მეთოდი ვარჩიეთ.
მერიიდან წამოსული ერთი ქალბატონი ჩიოდა: „სათვალეც არ შეიძლებაო... ვერ გავიგე, რა უბედურებაა?! მერჩივნა, სამსახურში დავრჩენილიყავი”.
ბევრად უფრო ხალისიანი განწყობა ქონდათ ახალგაზრდა ნაციონალებს. ოფისის წინ, ტროტუარზე მდგარი მანქანის საბარგულს მიყრდნობოდნენ და სიებს ავსებდნენ. „ეს არის კოორდინატორების და თავმჯდომარეების სიები. დიახ, ნაციონალეაბის” – გვიპასუხა ხელმოწერების შემგროვებელმა გოგონამ.
ამ დროს, სად იყო და სად არა, რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, მაია დოლიძე გამოჩნდა. „ახლავე მოაგროვე სიები და შიგნით შეავსე. როგორ ევასებათ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა!” - ყვიროდა, ქალბატონი მაია.
ჩვენ მას უკან გავყევით და ვკითხეთ, თუ რატომ არ გვქონდა უფლება აღნიშნული შეკრებით დავინტერესებულიყავით. რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელისგან პასუხად ასეთი არგუმენტი მივიღეთ: „ასე არ შეიძლება. აქ პარტიაა გენაცვალე, პარტია!”
ნაციონალური მოძრაობის ოფისი თუ წმინდა ადგილად იყო გამოცხადებული, ნამდვილად არ ვიცოდით.
მოკლედ, ამ „წმინდა ადგილზე“, დღის სამ საათზე, დაახლოებით ასამდე ადამიანი იდგა. შეკრებილებს ნელ-ნელა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებიც უერთდებოდნენ. მათ შორის - საკრებულოს თავჯდომარე, კახა გურგენიძეც გამოჩნდა.
„თანახმა ვარ გესაუბროთ, უბრალოდ, გავერკვევი ჯერ რა ხდება” – გვითხრა გურგენიძემ. ის, კაბინეტიდან-კაბინეტში გადადიოდა. რესპოდენტის დაკარგვის შიშით, უკან დავყვებოდი.
„აბა, რა ხდება?! დასამალი არაფერია! პირდაპირ გეუბნებით: ადამიანებს ჰქონდათ სურვილი, შეხვედროდნენ ჩვენი ქვეყნის მეგობარს, სარკოზის. ჩვენ მათ მივეცით ამისი საშუალება. მე მგონი, არაა საჭირო იმისა ახსნა, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს საფრანგეთის პრეზიდენტს ჩვენთვის გაკეთებული.
ისე, აქ მარტო მერიის თანამშრომლები არ არიან. თვითმმართველობის მუშაობა არ შეფერხდება, რადგან მერიაშიც არიან თანამშრომლები. რაც შეეხება, ქალბატონ მაიასათან დაკავშირებულ ინციდენტს - მედიასთან უხეშობა ჩემთვის მიუღებელია” – გვითხრა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ.
სარკოზის დასახვედრად რუსთავის მერიის გარდა, ქალაქის სკოლების პედაგოგები, ექიმები, ა.ი.პ „რუსთავის კორპუსის” და კერძო სასწავლებლების თანამშრომლებიც წაიყვანეს.