საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი საჯრო სექტორში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებულია

საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი საჯრო სექტორში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებულია

საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი საჯრო სექტორში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ პროფკავშირების განცხადებაშია აღნიშნული. საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ზოგიერთი ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებში, მომდინარე პროცესების გამო.

„მხედველობაში გვაქვს ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაკეთებული განცხადება სატელევიზიო ეთერში, გამგეობის თანამშრომელთა იძულება "პირადი განცხადების" საფუძველზე, სამსახურიდან მასობრივად დათხოვნის შესახებ და რაც წინააღმდეგობაში მოდის, წინასაარჩევნოდ კოალიცია ",ქართული ოცნების" და ახლა უკვე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთებული დაპირებისა, საშუალო და დაბალი კატეგორიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო გარანტიების შესახებ. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ განხორციელებული ამგვარი მანკიერი პრაქტიკა არის წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული სიმახინჯე, რასაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე გამოუცხადა უნდობლობა" - აცხადებენ პროფკავშირში.

ამასთან, მიიჩნევენ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიმართ ასეთი ქმედება დამსაქმებლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებად ითვლება და კანონით ისჯება. ასევე, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება რეგულირდება კანონით საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ პროცედურებს, ხოლო სამსახურში მიღება მოხელეთა ატესტაცით ან კონკურსის გამოცხადებით ვაკანსიების შესავსებად და სხვა.

„დღეისათვის საქართველოს რეგიონებში, კვალიფიციური კადრების დეფიციტი სამწუხარო რეალობაა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საზოგადოებრივი მომსახურების განსახორციელებლად გამოცდილი და პროფესიონალი კადრების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ბოლო რვა წლის განმავლობაში უამრავი სწავლება და ტრენინგი იქნა ჩატარებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათ შორის ჩვენს მიერ. საჯარო სექტორში დასაქმებულთა გადასამზადებლად დახარჯულია დრო, ენერგია და ფინანსები, გასათვალისწინებელია მოქმედი საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო გამოცდილებაც. შესაბამისად, არსებულის ჩანაცვლება შემთხვევითი, გინდაც „ერთგულების" ნიშნით შერჩეული კადრებით, საფრთხის წინაშე აყენებს სექტორს და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს"- აცხადებენ პროფკავშირში და აღნიშნავენ, რომ საქართველო საზოგადოებრივი მომსახურების ინტერნაციონალშია (PSI) გაწევრიანებული. გაერთიანება მზად არის, თითოეული მისი წევრის ინტერესები ყველა დონეზე დაიცვას.