გეგი ქელბაქიანს  150-ათასლარიანი გირაო, არჩილ ჩოგოვაძეს კი, წინასწარი  პატიმრობა შეეფარდა

გეგი ქელბაქიანს 150-ათასლარიანი გირაო, არჩილ ჩოგოვაძეს კი, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია „ენ-სი-სის“ გენერალურ დირექტორს გეგი ქელბაქიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 150 ათასი ლარის ოდენობის გირაო, ხოლო ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს კი,- აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდების მხარემ ქელბაქიანისა და ჩოგოვაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დაკავებულებმა გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა, მიმალვა, ქვეყნიდან წასვლა, ან მოწმეებზე ზეწოლა სცადონ.

დაცვის მხარემ უსაფუძვლოდ მიიჩნია პროკურორის არგუმენტი, დაკავებულების მიმართ წაყენებული ბრალდებები და ქელბაქიანისა და ჩოგოვაძის გათავისუფლება მოითხოვა.

როგორც ადვოკატმა ირაკლი ჟორჟოლიანმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა,  თუ სასამართლო მაინც ჩათვლის საჭიროდ, რომ აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდოთ დაკავებულებს, ეს უნდა იყოს გირაო და არა პატიმრობა.

მოსამართლემ განმარტა, რომ გეგი ქელბაქიანს თანხის გადასახდელად მიეცა 30-დღიანი ვადა და თანხის გადახდის შემდეგ ის დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

ამასთან, წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 16 იანვარს, 13.00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, ჩოგოვაძესა და ქელბაქიანს ბრალი თანხების უკანონო ლეგალიზაციაში ედებათ.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით წაუყენეს.

აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან,  დღეს შსს-მ ქელბაქიანისა და ჩოგოვაძის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილი გამოაქვეყნა.