მიხეილ სააკაშვილი: ქვეყანა განსაცდელშია და მე ჩემს ხალხს არ მივატოვებ

მიხეილ სააკაშვილი: ქვეყანა განსაცდელშია და მე ჩემს ხალხს არ მივატოვებ

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს რომ , საქართველო განსაცდელშია და ის ქვეყანას არ მიატოვებს. პრეზიდენტი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბაგრატის ტაძარში წირვას დაესწრო, რომელიც მეუფე კალისტრატემ აღავლინა. მოგვიანებით პრეზიდენტმა მედიასთან განცხადება გააკეთა.

პრეზიდენტმა წმინდა გიორგის მოღვაწეობაზე ისაუბრა და ბაგრატის ტაძრის სიმბოლურ მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, ბაგრატის ტაძარი ბევრმა დამპყრობელმა დაანგრია და მიწასთან გაასწორა, თუმცა მისი აღდგენა ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოხდა.

„ტაძარი აღვადგინეთ და მართლაც ულამაზეს, აღსაფრთოვანებელ  მდგომარეობაში მოვიყვანეთ. საქართველო ამჟამდ არ არის მარტივ მდგომარეობაში და სულ უფრო მეტი ხალხი ხდება, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში, მაგრამ დარწმუნებული  ვარ, იმ პირობებშიც კი, როცა წლების განმავლობაში  შენების ინსტიქტები გაძლიერდა, შემდეგ ისევ ნგრევა  და განადგურება რომ მოხდეს, ამას ხალხი  არ დაუშვებს. ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს“,-განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის მუდამ თავის ხალხთან ერთად იყო მშვიდობის, ომის, გაჭირვების და აღმშენებლობის დროს და ის ხალხს არც განსაცდელის ჟამს მიატოვებს.  „ჩემს ხალხს არც განსაცდელში მივატოვებ, ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემას და საქართველოს სამშვიდობოზე  გავიყვანთ. საქართველოს სხვა პერსპექტივა არ აქვს“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის განცხადებით, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ყველამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ.

 „როგორი შეხედულებებიც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე , ერთიანობა და რწმენა მომავლის. დარწმუნებული ვარ , რომ ამ სიტუაციიდან ყველანი გამარჯვებით გამოვალთ“,-განმარტა პრეზიდენტმა.

 კომენტარის გაკეთების შემდეგ, პრეზიდენტმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე კითხვის დასმის საშუალება არ მიეცათ.