არასამთავრობოები მერაბ რატიშვილის განცხადებას ეხმიანებიან

არასამთავრობოები მერაბ რატიშვილის განცხადებას ეხმიანებიან

"კონსტიტუციის 42-ე მუხლი“,   საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და ადამიანის უფლებათა ცენტრი,  მერაბ რატიშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც, იგი მიმართავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს, მისი გვარი  პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღონდა ცალკე განიხილონ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მერაბ რატიშვილის მეუღლემ, ამასთან დაკავშირებით დღეს,  ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით,  ისინი აპირებენ კიდევ ერთხელ წარადგინონ დასკვნა საქართველოს პარლამენტში მერაბ რატიშვილისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების შესახებ და მოითხოვენ საკითხის ცალკე განხილვას.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ,  რომ რატიშვილის თხოვნა სწორია, რადგან სიაში მყოფ ყველა პატიმართან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი არგუმენტი, იყო თუ არა ის ნამდვილად პოლიტპატიმარი.

აქედან გამომდინარე,  მერაბ რატიშვილს არ უნდოდა სიაში იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომელიც შესაძლოა, ამ  ამ სტატუსს არ იმსახურებდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მერაბ რატიშვილი პოლიტპატიმარია, რადგან მისი დაპატიმრება უკავშირდება პოლიტიკურ აქტივობებს და ოპოზიციის მხარდაჭერას.

მისი საქმე ორჯერ მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რამდენჯერმე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში.

რატიშვილს პირადად შეხვდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი, რის შემდეგაც მისი საქმე აისახა 2011 წლის ივნისის ანგარიშში.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ევროსასამართლოში „გოლფის“ ასოციაციის პრეზიდენტის მერაბ რატიშვილის უფლებებს იცავს.