ნიკ მეისონმა “Pink Floyd”-ის გაერთიანება ვერ მოახერხა

ნიკ მეისონმა “Pink Floyd”-ის გაერთიანება ვერ მოახერხა

რამდენიმე დღის წინ, მუსიკალური გამოცემა “Guitar World”-მა ლეგენდარული ჯგუფი “Pink Floyd”-ის მედოლე ნიკ მეისონს ინტერვიუ ჩამოართვა.

 

ნიკ მეისონმა ჯგუფის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისათვის ერთი არასახარბიელო ინფორმაცია გაავრცელა. მუსიკოსის მტკიცებით, ჯგუფის წევრები ახალ სტუდიურ ალბომს აღარასოდეს ჩაწერენ.

 

“რამდენიმე ხნის წინ როჯერ ტეილორსა და დევიდ გილმორს დავუკავშირდი. კოლეგებს დროებითი გაერთიანება, სტუდიაში ჩაკეტვა და ახალი ალბომის გამოშვება შევთავაზე. სამწუხაროდ ამ წინადადებაზე ცივი უარი მივიღე. ახალ ჩანაწერზე მუშაობა დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს, ამისი მზადყოფნის სურვილი კი ჩემმა კოლეგებმა არ გამოთქვეს. “Pink Floyd”-ის მრავალმილიონიან თაყვანისმცემლებს გულისტკივილით ვაცნობებ, რომ საყვარელი ჯგუფის ახალ სტუდიურ ნამუშევარს ვეღარასოდეს იხილავენ.”- განაცხადა ნიკ მეისონმა.

 

მუსიკოსს იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში გილმორისა და უოტერსის დაყოლიებას მაინც მოახერხებს და მათთან ერთად 2012 წლის ზაფხულში რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს.

 

გასულ წელს ნიკ მეისონი ჯგუფის წევრებს დაუკავშირდა და “Pink Floyd”-ის აღორძინების იდეა მიაწოდა. სამწუხაროდ მუსიკოსებს შორის დიდი ხნის წინ ჩამოვარდნილი ურთიერთქიშპობისა და დაპირისპირების ძალა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ნიკ მეისონის მონდომებამ შედეგი ვერ გამოიღო.

 

“Pink Floyd”-ის უკანასკნელი სტუდიური ალბომი “The Division Bell” 1994 წლითაა დათარიღებული. იმავე წელს ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა და მისმა წევრებმა დამოუკიდებელი მუსიკალური კარიერა წამოიწყეს.

 

დრო და დრო ჯგუფი რამდენიმე კონცერტს მაინც ატარებდა. მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში, ლონდონში ჩატარებულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, “Pink Floyd”-ის წევრებმა ალბომიდან “The Wall” რამდენიმე კომპოზიცია შეასრულეს.