“Garbage” საკონცერტო მოღვაწეობას  უბრუნდება

“Garbage” საკონცერტო მოღვაწეობას უბრუნდება

გუშინ ამერიკული ჯგუფი “Garbage”-ს წევრებმა პრეს-კონფერენცია მოიწვიეს და პროფესიული მუსიკალური კარიერის გაგრძელების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს.

 

მუსიკოსების გადაწყვეტილებით, 2012 წლის გაზაფხულზე ისინი ახალ, რიგით მეხუთე სტუდიურ ჩანაწერს გამოუშვებენ, შემდეგ კი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას განაახლებენ.

 

ჯგუფი “Garbage” 2008 წელს დაიშალა და მისმა წევრებმა დამოუკიდებელი მუსიკალური კარიერა წამოიწყეს.

 

ამერიკული როკ-ჯგუფი “Garbage” 1994 წელს, ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვოკალისტი შირლი მენსონი, გიტარისტები დიუკ ერიქსონი და სტივ მარკერი, მედოლე ბუტჩ ვიგი.

 

აშშ-ში პოპულარობას 1995 წელს მიაღწიეს, როდესაც პირველი ალბომი “Garbage” ჩაწერეს. ამ ნაშრომში შესული კომპოზიციები “Stupid Girls”, “Milk” და “Only Happy When It Rains” გამოსვლისთანავე ამერიკულ ჰიტ-პარადებში რამდენიმე კვირის განმავლობაში გალიდერდნენ.

 

ამავე პერიოდში ჯგუფმა ჩაწერა საუნდტრეკი გახმაურებული სურათისათვის “რომეო და ჯულიეტა”, ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობით.

 

დღეისათვის ჯგუფის აქტივში ოთხი სტუდიური ჩანაწერია. ამათგან უკანასკნელმა “Bleed Like Me” დღის სინათლე 2005 წელს იხილა.