გაფიცული მეშახტეები ტყიბულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

გაფიცული მეშახტეები ტყიბულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

გაფიცული მეშახტეები ტყიბულში, ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან.

მანამდე მეშახტეებმა ჟურნალისტებთან შეხვედრა მოითხოვეს. მაღაროს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ჟურნალისტები ძიძიგურის სახელობის შახტაში ჩაუშვეს.

მეშახტეებმა ჟურნალისტებს ის ხუთი მოთხოვნა გააცნეს, რაც დილით მათ მედიას წერილობით მოაწოდეს.

აღნიშნული მოთხოვნებია: მაღაროში მუშაობა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში, ყველა თანამშრომელმა შეინარჩუნოს სამსახური, იურიდიულად იყოს გაფორმებული ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, ხელფასის დაანგარიშების დროს გათვალისწინებული იყოს გაფიცვით გამოწვეული გაცდენილი დღეების ანაზღაურება, ფინანსურმა კომისიამ შეამოწმოს "ჯი აი ჯი ჯგუფის" ანგარიშები.

ძიძიგურის სახელობის მაღაროში 300 მეტრ სიღრმეში 45 გაფიცული მაღაროელი იმყოფება. მათ მიეწოდებათ საკვები და მათთან დაკავშირება შიდა ტელეფონითაა შესაძლებელი.