ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა რამდენიმე დღის წინ ჯგუფი “Take That” კარიერის განმავლობაში უკვე მეორედ მიატოვა.
“BBC 1”-თან საუბრისას მუსიკოსმა განაცხადა, რომ სოლო ალბომზე მუშაობის დაწყებას აპირებს და ჯგუფის დატოვების მთავარი მიზეზიც ეს გახლდათ.
“Take That”-ის ლიდერი ჰარი ბარლოუ უილიამსის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა ძალიან გააკვირვა.
“ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან ჩინებული ურთიერთობა გაგვაჩნდა. რობი რამდენიმე წლის წინ საკუთარი სურვილით დაგვიბრუნდა. ჩვენ ახალ ალბომზე ერთად ვიმუშავეთ, შემდეგ კი მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გავემგზავრეთ. უილიამსმა ფაქტის წინაშე დაგვაყენა, რადგან ჯგუფის შესაძლო დატოვებაზე ხმა ადრე არ ამოუღია” განაცხადაა ჰარი ბარლოუმ.
ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, ჯგუფის წევრები უახლოეს მომავალში შემოქმედებით შვებულებაში გასვლას გეგმავენ.
ჯგუფი “Take That” 1990 წელს ჩამოყალიბდა ინგლისის ქალაქ მანჩესტერში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ჰარი ბარლოუ, მარკ ოუენი, ჯეისონ ორანჯი, ჰოვარდ დონალდი და რობი უილიამსი.
1993-1996 წლებში ზედიზედ რვაჯერ დიდი ბრიტანეთის ჰიტ-პარადების სათავეში მოექცა. მათი სინგლი “Back for Good” ინგლისში და აშშ-ში დღემდე საუკეთესოთა რიცხვში შედის.
რობი უილიამსმა “Take That” პირველად 1995 წელს მიატოვა და სოლო კარიერა წამოიწყო. მისი წასვლის შემდეგ ჯგუფმა ორი ალბომი ჩაწერა. 2006 წელს “Beautiful World” და 2008 წელს “The Circus”.
უილიამსი ჯგუფს გასულ წელს დაუბრუნდა. მუსიკოსებმა 2010 წლის ნოემბერში სტუდიური ნაშრომი “Progress” გამოუშვეს, შემდეგ კი მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრნენ.