„ანტიკონსტიტუციური კანონი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს“

„ანტიკონსტიტუციური კანონი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს“

ხელისუფლების ოპონენტები პოლიციისთვის უფლებების გაზრდას აპროტესტებენ. ოპოზიციის შეფასებით, ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ არ დატოვონ.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს საკმარისზე მეტი უფლებები აქვთ.

მისი აზრით, საჭიროა პირიქით, რაღაც შემაკავებელი ფაქტორები გავაჩინოთ სისხლის სამართლის პროცესში.

 

პარლამენტის ვიცე–სპიკერის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, პოლიციისთვის დამატებითი უფლებების მინიჭება მის ავტორიტეტს დასცემს. მისივე თქმით, აღნიშნული დამატებითი უფლება პოლიციის ხელში უკონტროლო მექანიზმად გადაიქცევა.

 

„საჭიროა პირიქით, რაღაც შემაკავებელი ფაქტორები გავაჩინოთ სისხლის სამართლის პროცესში. ვინაიდან პოლიტიკური ნება, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი სადამსჯელო, რომ პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების წახალისება მიდის, რათა მათ არა მხოლოდ მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი უფლება, არამედ გადააჭარბონ კიდეც. ამიტომ მე ამ ცვლილებებს მხარს არ ვუჭერ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციის სამსახურებში მაღალკვალიფიციური პატრიოტი ხალხი მუშაობს და მათ შეუძლიათ არსებულ და კიდევ უფრო შემჭიდროვებულ კომპეტენციაშიც შეასრულონ თავისი პატრიოტული ვალი ქვეყნის წინაშე“, – ამის შესახებ ალასანიამ „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა,

 

კანონპროექტი, რომელიც „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივით, პოლიციელს უფლება ექნება „გონივრული ეჭვის“ შემთხვევაში ნებისმიერი მოქალაქე ქუჩაში შეაჩეროს და „ზედაპირულად შეამოწმოს“.

 

კანონპროექტი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრების ლაშა თორდიას, კახა ანჯაფარიძის და ზვიად კუკავას მიერ არის მომზადებული. კანონპროექტის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. შეჩერების აუცილებელი ვადა გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის ასევე გონივრული უნდა იყოს.

 

პროექტის თანახმადვე, პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, ჩხრეკას უკვე კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად ატარებს.

 

პოლიციისთვის უფლებების გაზრდას აპროტესტებს ირაკლი ალასანიას თანაპარტიელი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი. ამის შესახებ განცხადება  ცაგარეიშვილმა პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

 

ცაგარეიშვილი ამ ცვლილებას „პოლიციისთვის ეჭვის საფუძველზე მოქალაქის შეჩერების გადაწყვეტილებას, ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკის დაკანონების მცდელობად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ „იმას, რასაც აქამდე ბატონი ივანე მერაბიშვილი უკანონოდ აკეთებდა, ახლა კანონპროექტის ავტორები – კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ლაშა თორდია შეეცდებიან, რომ მას ამის გაკეთება დაუკანონონ“.

 

„ამ კანონპოექტის მიღების შემდეგ თუ თქვენ ნახავთ ვინმეს კედელთან აყუდებულს და პოლიციელს, რომელიც აყუდებული ადამიანის სხეულზე უშნოდ აფათურებს ხელებს, იცოდეთ, რომ მიმდინარეობს ადამიანის შემოწმება, რომლის დროსაც შესაძლოა შემოწმებული ადამიანის ჯიბეში აღმოჩნდეს 2 აბი სუბოტექსი, 5 გრამი ჰეროინი, 3 გრამი მარიხუანა და ასე შემდეგ“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. სწორედ ამიტომ, გია ცაგარეიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ არ დატოვონ.

 

ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ პოლიციისთვის დამატებითი უფლებების მინიჭება მის ავტორიტეტს დასცემს და საბჭოთა მილიციას დაამსგავსებს. აღნიშნულ ახალ ნორმებს ვეფხვაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს დამატებითი უფლებაა და პოლიციის ხელში აღმოჩნდება უკონტროლო მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში ისევ პოლიციის ავტორიტეტზე იმოქმედებს უარყოფითად. „საბოლოდ მივიღებთ იმას, რომ პოლიციის ავტორიტეტი შეილახება და დაემსგავსება საბჭოთა მილიციას“, – აცხადებს ვეფხვაძე.