საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს ახალ მთავრობას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა სურს.
ამის შესახებ მან „როიტერთან" საუბარში განაცხადა. მისი თქმით, თბილისი იმედოვნებს, რომ ამას იმის სანაცვლოდ მიიღებს, რომ მეზობელი ქვეყნის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე დათანხმდა.
„საქართველომ თანხმობა განაცხადა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რაც მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ამას მოსკოვის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები არ მოჰყოლია, - აცხადებს აბაშიძე.
მან 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაუმჯობესდება ურთიერთობები.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გასულ თვეში გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის.
„ეს პოზიტიური სიგნალია რუსეთისთვის, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო მზად არის რუსეთის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის… ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ პოლიტიკური სურათი უნდა გავარკვიოთ" -განაცხადა აბაშიძემ.
მან ჩამოთვალა განსახილველი საკითხები: ქართული ღვინო, მინერალური წყალი და სხვა პროდუქტები, რომელთა იმპორტიც 2006 წელს მოსკოვმა აკრძალა. ღვინოს და მინერალური წყლის ექსპორტი რუსეთში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან რეგიონში პოპულარული იყო, საქართველოს ექსპორტის თითქმის ერთ მესამედს შეადგენდა.
აბაშიძის განცხადებით, განიხილება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, განსაკუთრებით ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის თემა, და ასევე კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის.
მისივე თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას.
„თუკი საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს ცალმხრივად აღადგენს, ეს ნიშნავს, რომ ვაკანონებთ იმ რეალობას, რაც ომის შემდგომ შეიქმნა, მაგრამ თუკი ჩვენი დიალოგი მოგვცემს რეალურ და ხელშესახებ შედეგებს, მაშინ შესაძლოა, ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიგში დადგეს. ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი "წითელი ხაზები", ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლება საგარეო ურთიერთობებში. საქართველო იქნება თანმიმდევრული, მაგრამ პრინციპული რუსეთთან მოლაპარაკებებში. ჩვენ არ ვაპირებთ დავთმოთ პრინციპული საკითხები. ამავე დროს, ჩვენ არც ის გვსურს, რომ თანამშრომლობის იმიტაცია მოვახდინოთ და პროგრესის ილუზია შევქმნათ" - განაცხადა აბაშიძემ.
როგორც „როიტერი" წერს, კანონმდებლებმა სააკაშვილის თაოსნობით, რომლის ბოლო საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს იწურება, სხვა ქვეყნებსაც მოუწოდეს ბოიკოტი გამოუცხადონ სოჭის ოლიმპიადას, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირადი პროექტია და რომელზეც მილიონობით ამერიკული დოლარი დაიხარჯა.