მიმდინარე წლის ორ ოქტომბერს, ცნობილ ბრიტანელ მომღერალ სტინგს დაბადებიდან სამოცი წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსმა ქალაქ ნიუ-იორკში დიდი კონცერტი ჩაატარა.
ეს ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. მისი მთლიანი შემოსავალი სიღარიბესთან მებრძოლ ერთ-ერთ ორგანიზაციას გადაეცა.
საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტში, სტინგის გარდა არაერთმა სპეციალურად მოწვეულმა მუსიკოს-შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. მათ რიცხვში იყვნენ ბილი ჯოელი, ბრიუს სპრინგსტინი, ლედი გაგა, სტივ უანდერი, რუფუს უენრაიტი, მერი ჯეი ბლაიჯი, ჰერბი ჰენკოკი და სხვები. სტუმრებმა შეასრულეს იუბილარისა და ჯგუფი “The Police”-ს პოპულარული კომპოზიციების ე.წ. ქოუვერ ვერსიები.
გამოცემა “Rolling Stone “-ს ინფორმაციით, კონცერტის მიმდინარეობისას სტინგი მხნედ და ენერგიულად გამოიყურებოდა.
“მიუხედავად იმისა რომ სამოცი წელი შემისრულდა, საკუთარ თავს მოხუცად ნამდვილად არ მივიჩნევ. მრავალი შემოქმედებითი გეგმა გამაჩნია და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მათ აუცილებლად განვახორციელებ” – განუცხადა ჟურნალისტებს ბედნიერმა იუბილარმა.