დიტო გელოვანი - სიასამურის საამური სამურაები (სია საამური)

დიტო გელოვანი - სიასამურის საამური სამურაები (სია საამური)

[დიტო გელოვანი. ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში – “ვერსია”]

 

- კარგი. კატას ჩემი მძღოლი წამოიყვანს, ხვალ ათ საათზე.

- მე კონსერვებს და ტუალეტისთვის ქვიშას მოვუმზადებ, კარგა ხანს ეყოფა. მაგრამ გაითვალისწინეთ, მხოლოდ ამ კონსერვებს ჭამს. როცა გათავდება, ზუსტად ასეთი უნდა უყიდოთ!

- ყველა დეტალი ჩემს მძღოლს გააცანი შეხვედრისას. მე, თუ არ ვცდები, უკვე გითხარი, რომ თავისუფალი დრო არ მაქვს.

- მაინც ჯობს, როცა ყველა საკითხს ერთი ინსტანცია წყვეტს... რომ მერე დამნაშავე იოლი საპოვნელი იყოს.

- დამნაშავე?

- მე მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ თუ იმ დროის განმავლობაში, სანამ აქ არ ვიქნები, ჩემს კატას რამე დაემართება – სულერთია, ვიპოვი ცხვარს თუ არა, - ჩემგან ერთ სიტყვასაც ვერ გაიგონებთ!

(ჰარუკი მურაკამი, “ნადირობა ცხვარზე”)

 

“თბილისი. 22 ივლისი. “ინტერპრესნიუსი” - ახმეტის რაიონში კატამ ლეკვი დაბადა. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, უცნაური შემთხვევა ახმეტის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ანომალიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის რადიაცია და კატისა და ძაღლის შეჯვარება განიხილება, თუმცა ვეტერინარები ორივე ვარიანტს გამორიცხავენ.

მათი განმარტებით, რადიაციის შემთხვევაში ნაყოფი დამახინჯებული იქნებოდა, ხოლო სხვადასხვა სახეობის ცხოველების შეჯვარებისას ნაყოფის ჩასახვა შეუძლებელია, რადგან მათი გენეტიკური კრებული აბსოლუტურად განსხვავდება და თანხვედრა გამორიცხულია. ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი შემთხვევები მსოფლიოში საკმაოდ ხშირად ხდება, რასაც მეცნიერები ახსნას ვერ უძებნიან”.

 

ესეც ასე – კატამ დაბადა ლეკვი. ახლა, მოვლენათა განვითარება ორი მიმართულებით არის მოსალოდნელი. 1. აღნიშნული არსება გაიზრდება და იქნება მოზრდილი ტანის და ბანჯგვლიანი, მაგრამ იკნავლებს და მიაუ-მიაუ-თი წაიღებს ტვინს. 2. იქნება პატარა ტანის, ეყვარება რძე და ხეზე ძრომიალი, მაგრამ გაბრაზებული ისეთ ღრენას და ყეფას ატეხავს, რომ მტრისას!

 

ორივე შემთხვევაში იგი იქნება რომელიმე უმცირესობის ღირსეული წარმომადგენელი და ორივე შემთხვევაში ქართველი ლიბერალები დაიცავენ მის უფლებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ახალი გრანტები და ამ გრანტების გულისთვის თავპირისმტვრევა. ერთმანეთს თავ-პირს დაამტვრევენ მეცნიერები, ერთმანეთს თავპირს ძვალსა და რბილს გაუერთიანებენ ლიბერალები და ყველაზე საინტერესო იქნება მეცნიერებისა და ლიბერალების ჯახი. ისინი უკვე ნოემბრის ბაშოსთვის ემზადებიან.

 

გული მიგრძნობს, ის ლეკვი მალე ქართული ფაუნის ხერხემალი გახდება.

ასეა თუ ისე, გრანტები შემოვა, გაჩნდება ფული, გაჩნდება ხალისი და გაჩნდება ბევრი კარგი რამ და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ კატამ ძაღლი გააჩინა. ახლა, ის კატა თუ ერთ მოზრდილ ვირთხასაც გააჩენს, მერე ნახეთ ეკონომიკის აყვავება და ბიზნესის მდგრადი განვითარება. ალბათ, მიშას ეწყინა, ეს ამბავი ბათუმში რომ არ მოხდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს - უნდა შეეგუოს. ბოლო-ბოლო მარტო ბათუმის პრეზიდენტი ხომ არ არის და, თანაც, ახლავე უნდა ისწავლოს რაღაც-რაღაცეებთან შეგუება.

კატამ ძაღლი დაბადა... ეს ხომ ნამდვილი სენსაციაა! ოღონდ, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მოდელირებული კატა, არ არის მოდელირებული ძაღლი და არ არის მოდელირებული მშობიარობა. “იმედს” ახასიათებს... თუ მოდელირებულია და, მაშინ მაგ ნიუსს ისევ ვისოცკის ის სიმღერა მირჩევნია, ჟირაფი ანტილოპას რომ გაჰყვა ცოლად და თუთიყუშმა რომ დაიძახა, ჟირაფი მაღალია და თვითონ ჩვენზე უკეთ იცისო.

 

ეს ყველაფერი, რაც აქამდე წაიკითხეთ, ივლისის ბოლოს დავწერე და აღარ გავაგრძელე. მეორე დღეს უკვე რაჭაში ვიყავი და დღეს, როდესაც მეკითხებიან, როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები, ზუსტად ისე ვპასუხობ, როგორც მაშინ, როდესაც მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასებში ვპასუხობდით მე და ჩემი თანაკლასელები (ისევე, როგორც ჩემი ნაცნობები და მათი თანაკლასელები), როდესაც გვაწერინებდნენ თემას კოდური სახელწოდებით “როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები”. “ზაფხულის არდადეგები გავატარე კარგად” - პასუხი მაშინაც ასეთი იყო, და დღესაც ასეთია.

 

მაშინ, ადრე, კატები კნუტებს ბადებდნენ, ძაღლები – ლეკვებს, ხოლო ვირთხები - წრუწუნებს. ნაპერწკლიდან ალი ინთებოდა. დღეს გენმოდიფიცირებულ კარტოფილში შემწვარ ბრაზილიურ ხორცს “ოჯახური” ჰქვია, პრეზიდენტი პილოტია და პრემიერ-მინისტრობა სურს. უცნაურია ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც რაჭაში ხარ და ერთადერთ არხს - “რუსთავი 2”-ს უცქერ, ყველაფერს დაიჯერებ კაცი.

ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში... აწმყო, შობილი წარსულისაგან... “რუსთავი 2”... “მშობლიური ლიტერატურა – VIII კლასის სახელმძღვანელო, თბილისი 1953 წელი”. ამ წიგნს რაჭაში გადავაწყდი. წიგნში გადავაწყდი ლექსს. გრიგოლ აბაშიძე, “კორეაზე ფიქრი სამგორში” (კორეელ ინჟინერს – პაკ ინ ბინს). შემოგთავაზებთ ნაწყვეტებს.

 

მის ხალხს კაცურად არ უცხოვრია,

არ გაუმართავს წელი აროდეს,

ახლა პირველად ცდილობს კორეა,

რომ საქართველოს მსგავსად ჰყვაოდეს.

.............................

და დაივიწყებს ომის იარას

ქვეყანა ცეცხლს რომ დაუტბორია...

ჩვენს მხარეს მარტო მთებით კი არა,

ბედითაც უნდა ჰგავდეს კორეა.

 

როგორც მოგახსენეთ, ლექსი ეძღვნება კორეელ ინჟინერს, პაკ ინ ბინს. სახელმძღვანელოს ავტორებს ლექსის ბოლოში კითხვები აქვთ გამოტანილი:

 

რა აგონდება კორეელ ინჟინერს? რა აახლოებს ქართველ ხალხს გმირ კორეელ ხალხთან? დაახასიათეთ იმპერიალისტების მხეცური მოქმედება კორეაში.

1953 წელს იჯდა მერვეკლასელი მამაჩემი და იჭყლეტდა ტვინს - რა აახლოებს ქართველ ხალხს გმირ კორეელ ხალხთან? 2010 წლის ზაფხულში ვისხედით მე და მამაჩემი რაჭაში, სახლის წინ, კაკლის ჩრდილში. მე სიგარეტს ვეწეოდი, მამაჩემი მეუბნებოდა, რომ “მოწევა იწვევს ნელ და მტანჯველ სიკვდილს”. სიტყვა ბანზე ავუგდე: “რა აახლოებს ქართველ ხალხს რუს ხალხთან?” პასუხი: “საკონსტიტუციო ცვლილებები”.

 

ამ დროს დედაჩემმა ფანჯრიდან ნიუსი გამომძახა – “ლადო ვარძელაშვილი დაესწრო საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრების წვრთნას”. მანამდე უკვე ვიცოდი, რომ 25 ივლისი საქართველოს სტატისტიკის დღეა (მე, სულელს, ვისოცკის გარდაცვალების დღე მეგონა) და ვარძელაშვილ-მშვილდოსნების ამბავი რომ გავიგე, კიდევ ერთხელ ვინატრე ირაკლი სირაძე სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. ფიქრებიდან მამაჩემის სიტყვებმა გამომიყვანა: “საკონსტიტუციო ცვლილებები”.

 

დიახ – საკონსტიტუციო ცვლილებები! და მასთან ერთად – როკის გვირაბი. მაგრამ, იმდენად, რამდენადაც დღეს როკის გვირაბმა, 2013 წლამდე მაინც, დაკარგა აქტუალობა და თან მშობლიური ლიტერატურის 1953 წლის სახელმძღვანელოში გვირაბზე არავინ არაფერს წერს, ვისაუბროთ კონსტიტუციაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კი იმ წიგნში დაბეჭდილია ყაზახი პოეტის, ჯამბულის ლექსი “დიადი სტალინური კანონი”.

 

ამ კანონებით დაჰქროდა ველად:

უუფლებობა, სიღატაკე, შიმშილი, რბევა.

ჩემო სიმღერავ, ფრთა შეისხი, ნახე აული.

ფართო ველებო, მოისმინეთ სიტყვა ჯამბულის.

...........................

კანონს, რომლითაც სასწავლებლებს, უმაღლესს ხსნიან,

სადაც სწავლისთვის სოფლის ბავშვებს დღეს აგზავნიან.

კანონს, რომლითაც რესპუბლიკა თითოეული

თანაბარ სხივით კავშირშია განათებული.

მაშ, შემოვძახოთ, აკინებო*, სიმღერა ძმური,

კონსტიტუცია დღეს შევამკოთ ჩვენ სტალინური.

 

*აკინი – ყაზახეთის სახალხო მომღერალი, სახალხო პოეტი. დღეს აკინს უწოდებენ მორჩილ დეპუტატებს, დაქვემდებარებულ ჟურნალისტებს, ქვემდებარე ექსპერტებს, მდებარე მომღერლებს და იუმორისტებს, რომლებიც თავიანთ ხუმრობით მხოლოდ მტერს აცინებენ.

 

დაახასიათეთ თვითმპყრობლობის პირობებში ყაზახეთისა და საერთოდ მეფის იმპერიაში მცხოვრები ხალხების მძიმე, აუტანელი ცხოვრებამოიტანეთ ლექსიდან სათანადო მასალა. დაახასიათეთ საბჭოთა კავშირის ხალხთა საამური და ბედნიერი ცხოვრება.

აბა, ახლა რაღა დროს თვითმყრობლობა და საბჭოთა კავშირია! ამიტომ, უნდა დავახასიათოთ ძველი უბედურება (2003 წლამდე) და ახალი ბედნიერება (2003 წლის შემდეგ). ძველის გახსენება არ მსურს, ახალი ბედნიერება კი ის არის, რომ ნინო სურგულაძემ მიიღო ბრწყინვალების ორდენი, პარლამენტმა მიიღო ახალი საგადასახადო კოდექსი, ლადო ვარძელაშვილი დაბრუნდა იაპონიიდან და მიიღო ამირან ტოტიკაშვილის გადადგომა.

 

დაახასიათეთ ნინო სურგულაძის ბრწყინვალება. დაახასიათეთ ლადო ვარძელაშვილის გმირული დაბრუნება სამურაების ქვეყნიდან საამურ ქვეყანაში.

 

საამურ ქვეყანაში საგარეო ვალი, 30 ივნისის მდგომარეობით, 3 464 795000 აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 31 მაისის მაჩვენებელთან შედარებით 16 532  000 აშშ დოლარით მეტია.

 

“ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სხედხართ ხალხი, ვისთვისაც საუკეთესო პოზაა არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და მახათის ერთ ადგილზე გაყრა” - ივლისში აცხადებდა საამური ქვეყნის პრეზიდენტი.

 

“მეგობრობა, ტრუსიკის ძმაკაცობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა არ უნდა ჭრიდეს” – იმავე თვეში ამასაც იმავე ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებდა.

 

“როცა აქედან გადაიხედავ, თავს ისე გრძნობ, თითქოს თავადი იყო ჭავჭავაძეების, ჩოლოყაშვილების და სხვათა მსგავსად”, - აღნიშნა ტრუსიკისა და მახათის მტერმა პრეზიდენტმა ყვარლის ტბაზე სტუმრობისას. ესეც ივლისში მოხდა.

 

მოკლედ, თუ ამა წლის ივლისს გრაფიკულად გამოვხატავთ, ეს იქნება პატარა ტრუსიკში გაყრილი დიდი მახათი, ან დიდ ტრუსიკში გაყრილი პატარა მახათი. გააჩნია, ვისი იქნება ტრუსიკი – კახა ბენდუქიძის თუ პამელა ანდერსონის. რა შუაშია პამელა ანდერსონი?

 

“დათო იმედაშვილი ადასტურებს, რომ ახალ ფილმს იღებს, თუმცა, შეკითხვას იმის შესახებ, ჩამოდის თუ არა პამელა ანდერსონი და არის თუ არა ამ ფილმის  გადაღება პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, უპასუხოდ ტოვებს” - “ყველა სიახლეზე” დაყრდნობით იუწყებოდა “ინტერპრესნიუსი”.

 

აი, რა შუაშია პამელა ანდერსონი. შუაშიც არის, თავშიც, ბოლოშიც, ზემოდანაც, ქვემოდანაც... ივლისის შუა რიცხვები იყო და ახლა სექტემბრის შუა რიცხვებია.

“ლეიბორისტები” პარლამენტის ბოიკოტირების მიუხედავად ხელფასების დათმობას კვლავ არ აპირებენ” – გასული კვირის ეს ნიუსი პამელა ანდერსონზე გამახსენდა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად მკერდის დათმობას არ აპირებს.

 

“1999 წლიდან პარლამენტში “ლეიბორისტების” არშეშვებით, პარტიისთვის მიყენებული სუფთა მატერიალური ზარალი 2500000 ევროს შეადგენს. ორ წელიწადში თქვენმა პარლამენტმა უშრომლად შეიტყაპუნა ხელფასის სახით 23500000 ლარი, მივლინებებზე – 2300000 ლარი და სატელეფონო ხარჯებზე 950000 ლარი”.

 

ისე, რა მაგარია – საკუთარ ვერშეტყაპუნებულს ევროებში რომ ანგარიშობენ და სხვის შეტყაპუნებულს – ლარებში. მაგათ - იმათაც და ამათაც - სატყაპუნოდ აქვთ საქმე. 20 წელია ამ ქვეყანაში ტყაპუნის ხმა ისმის, მაგრამ ტყაპუნი და ტკლაცანი მაშინ ნახეთ, ანდერსონის ქალი რომ ჩამოვა და ქალიშვილობის ორდენს რომ მიიღებს.

 

მაგათიც... – იმათიც და ამათიც!!! ფელიქს მაგათიც!

 

როგორც ჩანს, მალე ტყაპანს გაადენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი, გია ჭანტურია. ამის თქმის საფუძველს მაძლევს “ოთხი შტატივისა და ერთი ჩითის კაბის” წარმომადგენლის, ლევან ვეფხვაძის განცხადება. მან და დანარჩენმა შტატივებმა გია ჭანტურიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. საერთოდ, ეგენი გია ჭანტურიებს ორ ნაწილად ყოფენ. იმ გია ჭანტურიებად, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს სათანადოდ არ აშუქებენ და იმ გია ჭანტურიებად, რომლებსაც ხალხისთვის დენი 10 თეთრად, გაზი 5 თეთრად და წყალი უფასოდ ემეტებათ.

 

მიხეილ სააკაშვილმა კისისხევში სასტუმროს გახსნისას სოფლის მეურნეობის აკადემიის არსებობა ვერ გაიმეტა. “აქ ბევრად უფრო მეტი კეთდება, ვიდრე სოფლის მეურნეობის აკადემიაში. ამ შემთხვევაში ამ აკადემიის არსებობას აზრი არ აქვს. არ ვაპირებთ, მუქთამჭამელები შევინახოთ” - თქვა მიშამ, რომელსაც ყვარლის ტბაზე საკუთარი თავი თავადი ჰგონია, ხოლო კისისხევის სასტუმროში გაახსენდა, რომ გლეხია. გაახსენდა მემამულეები, ბატონყმობა... ყვარლის ტბაზე გაახსენდა, როგორ იყენებდნენ მისი თავადი წინაპრები პირველი ღამის უფლებას და კისისხევში გაახსენდა, როგორ იყენებდნენ თავადები პირველი ღამის უფლებას მის გლეხ წინაპრებზე. ეს მოგონება განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა და პრეზიდენტს გაახსენდა ხალხური ლექსი, რომელსაც თემური ბიძია ბავშვობაში ასწავლიდა:

 

მუშურ-გლეხურმა მთავრობამ ყველას გაუხსნა გონება

და დაგვაშორა ძველი დრო, ძველი ტყვეობა, მონება.

გულს ჩაინერგე ეს სიტყვა, შვილო, გაზრდილო დედისა,

უკვდავი ლენინი არის გამხსნელი ხალხის ბედისა.

მან გაიმარჯვა ხმელეთზე – დალეწა ძველი ძალები

და ამოწყვიტა მთლიანად ნიკოლოზისა ჯარები.

ვიხსოვნოთ, არ დავივიწყოთ მისი გმირული თვალები,

ვინც დაივიწყებს, დავტანჯოთ, არ არის შესაბრალები.

 

როგორ გვიხატავს ხალხი ლენინის ღვაწლს? რას ავალებს დედა შვილს?

საგარეო ვალების ზრდას ავალებს – მამაკაცს ქალები, ვალები და შრამები ამშვენებსო. ქალები არის, ვალები არის და დოქტორი დოტიც ძალიან მწარედ იკბინებოდა.

 

..P. (სიასამურს მიმიხედეთ, plz) ამას წინათ ყურის ტკიპა აიკიდა. ჰოდა, რომ არ დაუჩირქდეს, დღეში ერთხელ ზეითუნის ზეთში დასველებული ტამპონით გაუწმინდეთ ყურები. ეს ძალიან არ უყვარს, ხელიდან დასხლტომას შეეცდება, ამიტომ ფრთხილად იყავით, ყურის აპკი არ დაუზიანოთ. ჰო, აუცილებლად დაგიკაწრავთ ავეჯს. თუ ეს არ გინდათ, კვირაში ერთხელ ბრჭყალები დააჭერით. შეგიძლიათ, ჩვეულებრივი საკვნეტი გამოიყენოთ. წილები, პრინციპში, არ ჰყავს...

(ჰარუკი მურაკამი, “ნადირობა ცხვარზე”)