თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ადამიანების ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა. სოციალური ქსელები კომუნიკაციის ყველაზე პოპულარული ფორმაა და ამ გზით ახალი ურთიერთობები და სასიყვარულო ისტორიებიც ხშირად იწყება. “სკაიპით” გაცნობილმა ბევრმა წყვილმა ერთმანეთს ცხოვრებაც დაუკავშირა, სამწუხაროდ, ვირტუალურად დაწყებული ერთი ასეთი სასიყვარულო რომანი, დიდი ტრაგედიით, მკვლელობით დასრულდა.
ელენე ჯ.-მ და კახა ვ.-მა ერთმანეთი “სკაიპით” გაიცნეს. გაცნობიდან 10 დღეში დაქორწინდნენ. 15 წლის შეყვარებულს ბიჭმა ფოთში ჩააკითხა და ცოლად შეირთო. თბილისში სიძის ოჯახის გასაცნობად გოგოს მშობლები ჩამოვიდნენ და ოჯახებმა ერთმანეთი გაიცნეს.
ახალდაქორწინებულთა ურთიერთობაში ისე მალე გაჩნდა ბზარი, რომ წყვილმა ვერც ხელისმოწერა მოასწრო და ვერც ჯვრის დაწერა. პირველი შეკამათება ერთი კვირის დაქორწინებულებს მოუხდათ. მას მერე ისინი ერთმანეთს ოჯახის ყოფითი ცხოვრების ნიადაგზეც ხშირად საყვედურობდნენ. ისიც ცნობილია, რომ წყვილის კონფლიქტის მიზეზი ელენეს ნაცნობი მამაკაცი იყო. ბიჭი მას გათხოვების შემდეგაც ურეკავდა და მესიჯებს წერდა.
29 სექტემბერს ისევ იკამათეს. ქმარზე განაწყენებულმა ელენემ ჩანთაში თავისი ტანსაცმელი ჩაალაგა და მშობლებთან დაბრუნება საბოლოოდ გადაწყვიტა. კახამ მას ამის საშუალება არ მისცა. კამათი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, ამ დროს ელენემ სამზარეულოს დანით, კახას გულმკერდში ჭრილობა მიაყენა. 20 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
ძალოვნებმა მომხდარს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცეს. საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქმარზე განაწყენებულმა ელენემ შურისძიების მოტივით განიზრახა მეუღლის განზრახ მკვლელობა და სამზარეულოს დანით განახორციელა კიდეც.
არასრულწლოვანი ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ელოდება. სასამართლო სხდომა 5 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ელენეს ქმედება განზრახ მკვლელობად უკვე შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ და მას 15 წელი მიუსაჯა. ვინაიდან იგი არასრულწლოვანია, სასჯელის ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. სწორედ ამ განაჩენს არ ეთანხმება ბრალდებული და ასაჩივრებს. ირწმუნება, რომ ქმრისგან თავს იცავდა და იმედი აქვს, თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
ელენეს ჩვენებიდან:
- კახა “სკაიპით” გავიცანი და 10 დღეში ცოლად გავყევი. რამდენიმე დღის ცოლ-ქმარი ვიყავით, რომ შემაგინა და სახეში გამარტყა... ეს საქციელი ვაპატიე, რადგან მითხრა, მეორედ არ განმეორდებაო. მაგრამ ასე არ მოხდა. შემდეგ დღეებშიც სხვადასხვა ყოფით საკითხებზე ვკამათობდით... ყველაზე ეჭვიანობდა, ვინც მირეკავდა ან “სკაიპით” მეკონტაქტებოდა... ურთიერთობა გიორგი ხ...-ს გამო დაგვეძაბა. მას კახას გაცნობამდე ვიცნობდი, ცოლიანი იყო. გიორგი მიმტკიცებდა, რომ ძალიან ვუყვარდი და მზად იყო ცოლს გაშორებოდა. გათხოვების შემდეგ მე და გიორგი შევთანხმდით, რომ მეგობრებად დავრჩებოდით. როცა გავთხოვდი, ჩემი სიმბარათი გადავტეხე, რადგან სხვებიც მაწუხებდნენ. კახას ოჯახმა ახალი სიმბარათი მომცა, ნომერი მხოლოდ ჩემმა მშობლებმა და ნათესავებმა იცოდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც კახა მეჩხუბა, ამ ნომრიდან გიორგის დავურეკე, ვიცოდი, რომ ის გამიგებდა. მესიჯებით ვეკონტაქტებოდი და ვურეკავდი, ძირითადად მაშინ, როცა სახლში მარტო ვიყავი. ამას კახას ვუმალავდი, რადგან მას არ უნდოდა ვინმესთან კონტაქტი მქონოდა, მაგრამ მაინც გაიგო...”
მკვლელობის დღეს, 29 სექტემბერს კახა ხაშურში უნდა წასულიყო. მან ელენეს მობილური ტელეფონი სთხოვა, მაგრამ მან არ მისცა - დედამ უნდა დამირეკოსო. სწორედ ეს გახდა მათი კამათის მიზეზი. როგორც ელენე ამბობს, გაბრაზებულმა კახამ მას შეაგინა, მან კი სახლიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყვიტა. მამიდას დაურეკა და უთხრა, რომ მშობლებთან ბრუნდებოდა. კახასთან დალაპარაკება ელენეს მშობლებმაც სცადეს, მაგრამ ის ტელეფონთან არ მივიდა. ელენე ამბობს, რომ მისი მშობლების ზარის შემდეგ კახა უფრო აგრესიული გახდა, დედის მისამართით აგინებდა და მას ადანაშაულებდა ოჯახის დანგრევაში.
“მითხრა, სანამ წახვალ, კარგად უნდა გცემოო. ბინის კარი ჩაკეტა... მუშტი მუცელში დამარტყა, მაგრამ ძლიერად არა, ალბათ, შევეცოდე, კისერზე რომ დამარტყა, ძალიან მეტკინა, მერე სახეშიც მომხვდა... კახამ სამზრეულოდან დანა აიღო. ამ დროს დედამისმა დარეკა, მეც ვისარგებლე სიტუაციით და დანა წავართვი, მინდოდა დივანის ქვეშ შემეცურებინა. კახამ რომ დაინახა, გაიცინა, რა, სხვა დანა არ არსებობსო? და სამზარეულოდან ახლა სხვა დანა გამოიტანა. ისევ ჩემსკენ წამოვიდა... ამ დროს დანიანი ხელი უკან მქონდა წაღებული, ნათქვამმა შემაშინა. დანა ისე მეჭირა, როგორც რაიმეს დაჭრის დროს ვხმარობდი, უკნიდან წამოვიღე ხელი და პირდაპირი მიმართულებით დავარტყი, კახა უკან-უკან წავიდა, - ეს რა გააკეთეო, - თქვა და წაიქცა. მისკენ გავიქეცი, სახეში ხელებს ვურტყამდი, გულწასული მეგონა, როცა გავაცნობიერე რაც მოხდა, მეზობლებს დავუძახე. თავის მოკვლაც მინდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს”, - ასე იხსენებს იმ წუთებს ელენე.
ცოლ-ქმრის კონფლიქტის შესახებ როცა კახას დედამ შეიტყო, სასწრაფოდ სამსახურიდან სახლში წამოვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრაგედია უკვე მომხდარი იყო.
“ჩვენთან შეუთანხმებლად ჩემმა შვილმა 15 წლის გოგო ცოლად შეირთო... რამდენიმე დღეში გავიგეთ, რომ ელენე ვიღაცას მესიჯებს სწერდა და ამიტომ ნომერი გამოვუცვალეთ. იმის გამო, რომ ის ბიჭი ელენეს ახალ ნომერზეც ურეკავდა, კახა მას შეეკამათა, ახალი ნომერი საიდან გაიგოო... მკვლელობის დღეს სამსახურში წავედი, კახას ზარი იყო შემოსული და დავურეკე. ელენემ მიპასუხა, სახლიდან მივდივარო. შემდეგ ჩემს შვილს ველაპარაკე, - მე არაფერ შუაში ვარ, ელენეს ჰკითხე, წასვლა რატომ გადაწყვიტაო. სამსახურიდან სახლში წამოვედი, გზიდან ისევ დავურეკე კახას და ვკითხე, გამაგებინე რა ხდება-მეთქი. დედა, სახლიდან მეც მივდივარო, - მითხრა... სახლში რომ მივედით, ჩემი შვილი უკვე მკვდარი იყო... ელენეს ტანსაცმლი იმდენად სუფთა იყო, მასზე ეჭვი არავის მიგვიტანია. ვიფიქრე, რომ შვილი სხვამ მომიკლა. მერე ელენე ამბობდა, დანას ვართმევდი და თვითონ წამოეგოო... მეზობლებს ხმაურის ხმა არ გაუგიათ. მითხრეს, სახლში რომ შევედით, სისხლი უკვე შედედებული იყოო. სულ ტყუილს ამბობს - კახა მცემდაო, ასეთი ტყუილის თქმა და ჩირქის მოცხება როგორ შეიძლება? სულ რამდენიმე დღე იყვნენ ერთად, ან მათ ჰყავდათ სტუმრები, ან თავად მიდიოდნენ სტუმრად”, - განაცხადა პროცესზე შვილმოკლულმა დედამ.
მეზობლებმა მომხდარი ელენესგან შეიტყვეს. მათი თქმით, იგი შველას ითხოვდა და იძახდა, რომ კახა დაჭრა. ოთახში შესულ მეზობლებს ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ, ის სისხლის გუბეში იწვა. მათი თქმით, ელენე ფანჯრისკენ წავიდა და იძახდა, თავი უნდა მოვიკლაო, მაგრამ შეაჩერეს.
მოკლულის ნათესავი ირწმუნებოდა, ელენე გამომიტყდა, რომ მას სხვა უყვარდაო.
მოწმე თეონა ვ-ის ჩვენებიდან:
- როგორც კახას ცოლს ისე ვიცნობდი. ერთად წავედით სოფელში და ჩემთან დარჩნენ. მას ჩემი ამბები მოვუყევი, ელენემაც მითხრა, რომ სხვა უყვარდა და იმ სხვას იმიტომ არ გაჰყვა, რომ მაშინ ცოლი ჰყავდა. შემდეგ ის ბიჭი ცოლს გაშორდა, ბავშვთან ერთად ახლა ნაქირავებში ცხოვრობს და მეუბნება, ცოლად გამომყევიო. იმასაც ამბობდა, როცა სახლში კახა არ არის, მას მესიჯებს ვწერ, რადგან ვერ ვითმენ, რომ არ მივწეროო. ვეცდები, კახას შევეჩვიო და იმედია შემიყვარდებაო. საუბრის დროს ოთახში კახა რომ შემოდიოდა, ელენე ჩუმდებოდა, კახა მოეფერებოდა, კოცნიდა, ისიც სიყვარულით ეხუტებოდა, როგორც კი კახა გავიდოდა გარეთ, ისევ იმ ბიჭზე აგრძელებდა საუბარს”.
აღმოჩნდა, რომ ელენეს მშობლებმა არაფერი იცოდნენ მათ ქალიშვილს ქმართან პრობლემები რომ ჰქონდა. სამაგიეროდ დაძაბულ ურთიერთობაზე ინფორმირებული აღმოჩნდა განსასჯელის მამიდა. მისი თქმით, რამდენიმე დღის გათხოვილმა ელენემ, უთხრა, რომ მეგობარი ბიჭის და დეიდაშვილის მესიჯები მიიღო, კახამ ამაზე იეჭვიანა და საცემრად გამოიწია. კივილი დავიწყე, ოთახში მისი მშობლები შემოვიდნენ და გაგვაშველესო. ამის მერე მამიდა ხშირად ეკითხებოდა ძმისშვილს იგივე ხომ არ მეორდებოდა, მაგრამ იგი ეუბნებოდა, მსგავსი არ განმეორებულაო...
“იმ დღესაც დამირეკა, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, სახლიდან უნდა წამოვიდეო. ნათესავის ტელეფონი მთხოვა - ბინასთან დამხვდეს და აქედან წამიყვანოსო. ნომერი მივეცი და თან ეს ამბავი, ჩემს ძმასაც ვუთხარი. რამდენჯერმე დავურეკე ელენეს, შენი ქმარი მალაპარაკე-მეთქი, მაგრამ მესმოდა, უარი უთხრა, სახლიდან რომ წახვალ, მერე ყველას დაველაპარაკებიო. ამ სიტყვების მოსმენაზე გავნერვიულდი, ჩავთვალე, რომ ელენეს სახლიდან აგდებდნენ და ვუთხარი, მაგას გადაეცი, არასრულწლოვანის სახლიდან გაგდების გამო, ციხეში მოუწევს ჩაჯდომა- მეთქი... შემდეგ, ისევ ვურეკავდი, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. რამდენიმე წუთში ნათესავმა დამირეკა, რომელსაც ელენე უნდა წამოეყვანა და მითხრა, მოვაკითხე, სახლთან ვდგავარ, მაგრამ კორპუსი ხალხით გავსებულია, სასწრაფოს და პოლიციის მანქანებიც დგას, მგონი, დავიღუპეთო. ამის შემდეგ ისევ ჩემს ძმას დავურეკე, ელენეს რაღაც სჭირს-მეთქი. ვიფიქრეთ, რომ ელენე მოკლეს”.
ელენეს ადვოკატები განსასჯელის გამართლებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, არასრულწლოვანი გოგონა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ქმარი მოკლავდა.
“ელენეს დანაც კი მიაბჯინა მუცელზე, საფრთხის თავიდან ასაცილებლად შეშინებულმა გოგონამ თავად განახორციელა საპასუხო მოქმედება. ამას ადასტურებს ისიც, რომ მოკლულს მხოლოდ ერთი დაზიანება ჰქონდა. მკვლელობის შემდეგ მას ჯიბიდან ამოუღო გასაღები და კარი გააღო. ელენეს დაზიანებებიც ეტყობოდა სხეულზე, ესეც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი აპირებდა იქიდან წასვლას, განაწყენებულმა კახამ არასრულწლოვანს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით აღუკვეთა თავისუფლება, ჩაუკეტა კარები, დახურა ფანჯრები, რომ ხმაური არავის გაეგო და ელენეს მოკვლა განიზრახა.
დადასტურებულია, რომ ელენეს უფროსი ასაკის ფიზიკურად ძლიერი მამაკაცისგან საფრთხე ემუქრებოდა. იატაკის საწმენდი ჯოხიც დაარტყა და ხელში დანა ეჭირა. თუმცა ეს სისრულეში ვერ მოიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან ელენემ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მას მიაყენა დაზიანება... 15 წლის ბავშვის მიმართ მაქსიმალური 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რბილად რომ ვთქვათ, მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. სასამართლო იყო არაობიექტური, ამიტომ მოვითხოვთ გაუქმდეს გამამტყუნებელი სასჯელი, ელენეს გამართლდეს განზრახ მკვლელობაში და განთავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან,” - აცხადებს ადვოკატი თამაზ ქოქოშვილი.
პროკურორი და მოკლულის ოჯახი განაჩენის ძალაში დატოვებას ითხოვს. სასამართლო კოლეგია მხარეებს მოუსმენს და ვნახოთ, საბოლოოდ რა შეფასებას მისცემს მომხდარს. 15 წლის გოგოს ბედი სწორედ კოლეგიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.