არჩილ კბილაშვილი: სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის განცხადება ზეწოლაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება

არჩილ კბილაშვილი: სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის განცხადება ზეწოლაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის მანუჩარ დარასელიას განცხადება, რომელიც ვიდეოჩანაწერში ზეწოლაზე საუბრობს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დარასელია და კინწურაშვილი მართლაც ფიგურირებენ ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდში, ისინი იყვნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები და მონაწილეობდნენ იმ ინციდენტში, როდესაც ზვიად აბესაძეს თავისუფლება აღუკვეთეს და ბაჩო ახალაიას ბრძანებით გადაიყვანეს ერთ-ერთ ბინაში, სადაც მოხდა მისთვის თავისუფლების აღკვეთა. როგორც კბილაშვილი აცხადებს, ბაჩო ახალაიას ეს ბრძანება სისრულეში მოიყვანეს გაგა მკურნალიძემ და მისმა ხელქვეითებმა - დარასელიამ და კინწურაშვილმა.

„როდესაც ჩვენ ისინი დავკითხეთ, მათი პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხი არ გადაგვიწყვეტია, რადგან მაშინ გამოვედით იმ პოზიციიდან, რომ დარასელია და კინწურაშვილი იყვნენ მეორე ხარისხოვანი პირები და ისინი ბრძანებებს ასრულებდნენ. თუმცა ბრძანების შესრულება თავისთავად არ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, მაგრამ იმ ეტაპზე ჩავთვალეთ, ვინაიდან მათი როლი მეორეხარისხოვანი იყო და გამოსაკვეთი იყო სხვა ფაქტებიც, ვიყავით ლმობიერები მათ მიმართ. თუმცა მათ ეს ლმობიერება გამოიყენეს ისე, როგორც გამოიყენეს" - განაცხადა კბილაშვილმა.

მისი თქმით, დარასელიას მიერ დასახელებულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და იმ შემთხვევაში, რომ პროკურატურას მართლა განეხორციელებინა მათზე ზეწოლა, ისინი დღეს თავისუფლები არ იქნებოდნენ.

ამასთან, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ გაგა მკურნალიძეს ახალი ბრალი წაეყენა, ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა აბესაძეს ეპიზოდთან დაკავშირებით. ასევე ბრალი წაეყენა დარასელიას და კინწურაშვილსაც.

თეა თუთბერიძემ გუშინ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც მანუჩარ დარასელია პროკურორ ხარებავასა და გამომძიებლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, რის გამოც მან ხელი მოაწერა იმ ჩვენებას, რომელიც წინ დაუდეს. თუთბერიძის თქმით, ამ ჩვენებაზეა დამყარებული ის ბრალდება, რომლის მიხედვითაც, ბაჩო ახალაიამ ზვიად აბესაძეს თითქოს თავისუფლება აღუკვეთა.