ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილი ევროპელების დაბნევას ცდილობს

ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილი ევროპელების დაბნევას ცდილობს

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქართულ ჯარში აქამდე არსებული და ამჟამინდელი ვითარების შესასწავლად ნატოს, სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართავს.

ივანიშვილის თქმით, ამ  ინიციატივას ანდერს ფოგ რასმუსენს პირადად შესთავაზებს.

„ჩვენ პარტიული ნიშნით და შერჩეული სამართლით არ ვაპირებთ მოქმედებას. ამაში მე დავარწმუნებ ბატონ რასმუსენს შეხვედრის დროს. ნატოსაც შეუძლია სამუშაო ჯგუფი შექმნას და ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა იმის გარკვევაში, თუ რა ხდებოდა ქართულ ჯარში და რა ხდება ახლა. სიამოვნებით შევთავაზებ ამას ბატონ რასმუსენს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით,  სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავება ნებისმიერი ქვეყნისთვის სირცხვილია, რის კონტექსტშიც ევროპელების რეაქცია „ნორმალური და ჯანსაღია“.

„ყოფილი ხელისუფლება ცდილობს ეს ანგარიშსწორებად წარმოაჩინოს,  მაგრამ სინამდვილე სულ სხვაა. რა თქმა უნდა,  აღმაშფოთებელია ის, რომ პროკურატურა იძულებულია გენერალური შტაბის უფროსი დააკავოს. სირცხვილია, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის დაკავება მოხდა. ჩვენც უკმაყოფილოები ვართ და განიცდიან ევროპელებიც. ასე რომ, მათი რეაქცია ნორმალური და ჯანსაღია“, - განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა.

ივანიშვილის შეფასებით,  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპელების დაბნევას ცდილობს, თუმცა, მთავრობა სიმართლეს ყველასთან მიიტანს.

„ჩვენ სიმართლე ქართველ ხალხს გავაგებინეთ და ასევე გავაგებინებთ მას ამერიკელებსა და ევროპელებს“, - დასძინა ივანიშვილმა.