პროკურატურამ გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალდება წარუდგინა

გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიორგი კალანდაძემ პროკურატურა დატოვა, თუმცა, მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია .

მისი ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის განცხადებით, გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს ახალი ბრალდება წარედგინა.

ადვოკატის თქმით, თავდაპირველად იგი, დაიკითხა პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით და შემდეგ მას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, სულ სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით ახალი ბრალდება წარედგინა. რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

"საქმე ეხება 2010 წლის 18 თებერვლის ეპიზოდს. საკმაოდ დიდი მასალებია, ახლა გადმომეცა და კარგად არ გავცნობივარ, თუმცა საქმე ეხება 19 ამბოხებულ ჯარისკაცს, რომელთაც მიუთითეს რომ ევარჯიშათ, რადგან არ ვარჯიშობდნენ. ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, ამის მითითებაც დანაშაულად ითვლება. საქმეში 16 პირის ჩვენებაა", - განაცხადა გაბაიძემ

მისი თქმით, კალანდაძე   არც ძველ და არც ახალ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალს არ აღიარებს.

გაბაიძის განცხადებით, 2010 წლის 18 თებერვლის ეპიზოდთან დაკავშირებით, შესაძლოა, ბრალი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასაც  სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაუმძიმდეს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.