მსჯავრდებული მერაბ რატიშვილი თავისი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

მსჯავრდებული მერაბ რატიშვილი თავისი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მთავარ პროკურატურას მსჯავრდებულ მერაბ რატიშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

როგორც ხაჭაპურიძემ  For.ge-ს პრესკლუბშიგამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მერაბ რატიშვილი პოლიტპატიმარია, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა იგი პოლიტპატიმრად აღიარეს.

ადვოკატის განცხადებით, მერაბ რატიშვილის საქმე თავიდან უნდა იქნას შესწავლილი და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოვიდეს.

„რატიშვილი გოლფის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მას საკუთრებაში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა ტერიტორიები და გოლფის მოწყობილობები, რათა აღნიშნული სპორტის სახეობა პოპულარულად ექცია. ეს ქონება მას სხვა ქონებასთან ერთად უკანონოდ ჩამოართვეს“- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, გარდა ქონების დაბრუნებისა, რატიშვილი ითხოვს შემდეგ პირთა დასჯას: სოდ-ის მეხუთე სამსახურის უფროსის ნიკა კაპანაძის, გენერალური პროკურატურის პროკურორების - ქორიძის, ჩხენკელის და ცნობილაძის; სოდ-ის გამომძიებლების - ეჯიბაიას, ბარბაქაძის, მესხის, გულუაშვილის, გულვარდიშვილის, ფაჩულიას, გოგიტიშვილის, სულუხიას, ექვთიმიშვილის; პოლიციელების - უჯმაჯურიძის, ჯიქიას; ექსპერტ გოგიტა რუსიაშვილის; კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ჟღენტის; ციხის უფროსის მელაძის; მოსამართლეების ნინო სანდოძის, შორენა გუნცაძის, მაკა გველესიანის, მერაბ ჯორბენაძის, ოთარაშვილის, კორკოტაშვილის, ალანიას; პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის პასუხისგებაში მიცემას სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლების დარღვევისთვის. კერძოდ, ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევა, წამება, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა, განზრახ უკანონო დაკავება და სხვა  კანონდარღვევები.