კომიტეტებში დეპუტატთა რაოდენობა იზრდება

კომიტეტებში დეპუტატთა რაოდენობა იზრდება

საპარლამენტო  კომიტეტების შემადგენლობის რაოდენობა იზრდება.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, დამოუკიდებელ ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებლი მაჟორიტარების“ ფორმირებამ და კომიტეტებში მისთვის ერთი ადგილის გამოყოფის აუცილებლობამ, კვოტების გაზრდა გამოიწვია.

მისი თქმით, იმ კომიტეტებში, სადაც 14 დეპუტატი იყო წარდგენილი კვოტა 15 ადამიანამდე იზრდება, ხოლო 12 კაციანი კომიტეტის შემადგენლობა 13 კაცამდე.

კვოტირების საკითხს, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კოლეგები ცუდ პრაქტიკას ამკვიდრებენ, რადგან   ფრაქცია კიდევ, რომ შეიქმნას, კვოტები კვლავ უნდა გაიზარდოს.

ბობოხიძეს უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე გამოეხმაურა და დასძინა, რომ ცვლილება თუ არ განხორციელდება, მაშინ კომიტეტებში უმრავლესობა და უმცირესობა თანაბარ სიტუაციაში იქნებიან.

„ასეთ შემთხვევაში,  არათუ გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი, არამედ სხდომასაც კი ვერ ჩაატარებთ“, - დასძინა კანონმდებელმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კომიტეტის შემადგენლობა ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობით განისაზღვრება. პროპორციული კვოტირებით კი, ფრაქცია „უპარტიო, დემოუკიდებელ მაჟორიტარებს“ კომიტეტებში თითო-თითო ადგილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხარჯზე ერგო. საერთო სურათი კი ისეთია, რომ 12-14 კაციან საპარლამენტო კომიტეტებში ერთის მხრივ, უმრავლესობა და მეორეს მხრივ, უმცირესობა და მასთან ერთად დამოუკიდებელი ფრაქცია თანაბარი რაოდენობით არიან წარმოდგენილი.